ამირან გამყრელიძე - სპეციალისტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალი, იგივე ჰიბრიდული შტამი თუ გაჩნდა, არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორც „დელტა“, თუმცა პროგნოზის გაკეთება რთულია
ამირან გამყრელიძე - სპეციალისტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალი, იგივე ჰიბრიდული შტამი თუ გაჩნდა, არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორც „დელტა“, თუმცა პროგნოზის გაკეთება რთულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა და მნიშვნელოვნადაა შემცირებული ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა.

გამყრელიძის თქმით, ახლა მთავარი მოწოდება კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზების გაკეთებაა.

„დღეს დილის მონაცემებით გვაქვს 600 შემთხვევა. ჰოსპიტალიზაცია რადიკალურად არის შემცირებული. მოგეხსენებათ, მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი“ პანდემიამ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-ში ელოდებიან, რომ იქნება ზე სვლა, მაგრამ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, იქ არ იმატებს სიკვდილიანობა და არ იმატებს ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ მთავარი მოწოდება რჩება აცრები და ბუსტერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბევრი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, ვაქცინის გარკვეული დოზები აუთვისებელი რჩება.

„ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რომ მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ბევრი თხოვნისა, მუდარისა, მობრძანდით, აიცერით, დიახ, ფინანსურად არ გვიზარალია, მაგრამ 400 000-მდე დოზა იქნება დარჩენილი, ბუსტერზე უფრო მეტი რომ აცრილიყო, მაშინ ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლებოდა. 5 მილიონი ვაქცინის მობილიზება გააკეთა შარშან ქვეყანამ და მთავრობამ. მიუხედავად ბევრი მუდარისა და სოფელ-სოფელ სიარულისა, მაინც ვერ მოხერხდება. ვაქცინაცია გვრჩება მთავარ იარაღად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატს, გამყრელიძის განმარტებით, გუშინ ქვეყანამ „პაქსლოვიდის“ პირველი 10 000 დოზა მიიღო.

„გუშინ ქვეყანაში შემოვიდა „პაქსლოვიდის“, ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო ანტივირუსული წამლის პირველი 10 000 დოზა, რომლის გამოყენება მალე დაიწყება საქართველოში“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე შესაძლო ახალ შტამთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, ჰიბრიდული შტამი თუ გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთივე მძიმე მიმდინარეობის, როგორიც იყო „დელტა“ ვარიანტი.

„სპეციალისტები მაინც ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება, ძირითადად „ომიკრონის“ ჰიბრიდის, მაგრამ უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ თუ ახალი, იგივე ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც იყო „დელტა“, ანუ თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს. ხაზს ვუსვამ, რომ პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.