ამირან გამყრელიძე - სავარაუდოდ დღეს მოეწერება ხელი ბრძანებას, რომ აიცრებიან ის სამედიცინო მუშაკები, რომელთა შემთხვევაშიც ინფექციის გადატანიდან სამი თვეა გასული
ამირან გამყრელიძე - სავარაუდოდ დღეს მოეწერება ხელი ბრძანებას, რომ აიცრებიან ის სამედიცინო მუშაკები, რომელთა შემთხვევაშიც ინფექციის გადატანიდან სამი თვეა გასული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ უკვე მიიღო დასტური „კოვაქსიდან“, რომ ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა 29 250 დოზა, რომლითაც დაახლოებით მედიცინის 14 000-მდე მუშაკი აიცრება.

„სპეციალური პორტალია გახსნილი, უკვე მიმდინარეობს ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკების მონაცემების ატვირთვა და თვითონ ის დაწესებულებები აფასებენ რისკ ფაქტორს – მაღალი რისკის, საშუალო და დაბალი რისკის ადამიანები. ხშირად ეშლებათ ხოლმე, ეს არ ეხება მხოლოდ ექიმებს. ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ყველა იტვირთება. ასეთი არის ქვეყანაში 75 000 ადამიანი. აქედან ჩვენი სამიზნეა, წელს ავცრათ სადღაც 49 000.

მოგეხსენებათ, ჩემი კოლეგების 7 პროცენტამდე არის ინფიცირებული. ალბათ იმუნიზაციის ბრძანებას დღეს მოეწერება მინისტრისგან ხელი, სადაც აღნიშნულია, რომ ვისაც გადატანილი აქვს, მათ შორის მეც, გადატანიდან სამი თვის შემდეგ აიცრას, ანუ სამი თვის განმავლობაში ეს ხალხი არ აიცრება. ინფექციის გადატანა, აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის, მაგრამ რეკომენდაციას ვაძლევთ, ინფექციის გადატანიდან 3 თვის შემდეგ აცრას.

აქედან გამომდინარე, ეს 15 000 დოზა, რასაც ამბობთ, 15 000 ადამიანს ვერ მოიცავს სრულად. მეორე ჯერზე რაც შემოვა – ასტრაზენეკა, ალბათ მარტის პირველი ნახევრისთვის, მარტის განმავლობაში, უფრო სოლიდური დოზები იქნება – მოიცავს სადღაც 180 000-დან 300 000-მდე და იქაც პირველი იქნება სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჰოსპიტლებში.

„საქართველოში შერჩეულია 10 ჰოსპიტალი და კიდევ 5 სარეზერვო ჰოსპიტალი. აქედან თბილისშია 5, თუ 6 და ორ-ორი ქუთაისსა და ბათუმში. რატომ ამ სამ ქალაქში? იმიტომ, რომ „ფაიზერს“ შესანახად სჭირდება მინიუს 70-80 გრადუსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს -80 გრადუსიანი მაცივრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ვაქცინები შემოსვლის შემდეგ დასაწყობდება ამ სამ ქალაქში გარკვეული პროპორციით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინდელი რიცხვით, სამედიცინო დაწესებულებებიდან პორტალზე უკვე 30 000-მდე ადამიანის მონაცემები იყო ატვირთული.

„ეს გრძელდება. დღის ბოლომდე ყველამ უნდა ატვირთოს მონაცემები და თვითონ გააკეთოს დიფერენცირება. პირველ რიგში აიცრებიან კოვიდ კლინიკების თანამშრომლები და მათში პირველ რიგში რეანიმატოლოგები, ინტენსიური თერაპიის, მიმღების, სასწრაფოს, ემერჯენსის ექიმები, ვისაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდინფიცირებულებთან, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, 14 000, ვინც ახლა უნდა ავცრათ „ფაიზერით“, ყველას ვერ მოიცავს და იქაც პრიორიტეტიზაცია გაკეთდება. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. თბილისში შერჩეულია, დღეს მარეგულირებელი სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტი ესტუმრება შერჩეულ საავადმყოფებს, შეამოწმებენ პირობები როგორია, რადგან აცრის შემდეგ თითოეული ადამიანი, როგორც წესია, 15-30 წუთი უნდა დარჩეს მოსაცდელში და იყოს დაკვირვების ქვეშ.

40 ბრიგადის ტრენინგი დაიწყება, თითო ბრიგადაში შედის სამი ადამიანი. ეს გახლავთ ექიმი, რომელიც სპეციალური, დამუშავებული კითხვარით ეკითხება მოქალაქეს თავისი ანამნეზის შესახებ, მეორე ამცრელი, ვინც უშუალოდ აკეთებს ინექციას და მესამე, ასევე რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდელში შეყავს მონაცემები. „ფაიზერს“ სპეციალური შპრიცები სჭირდება და შემოტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული შპრიცები – 50 000. ამ შპრიცებით მოხდება ინექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.