ამირან გამყრელიძე - პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გეოგრაფიული არეალი გაფართოვდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო პორტალზე დარჩენილი თავისუფალი ჯავშნების დიდი ნაწილი რეგიონებშია.
„გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ დაახლოებით 161 000 ჯავშანი „ფაიზერზე“. აქედან, დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი. ამ 153 000დან 141 000 გახლავთ პირველად აცრაზე, ხოლო 12 000-მდე არის მეორად აცრებზე, ანუ ვინც წინა კვირაში იცრებოდნენ. ყველა მათგანს დაეჯავშნა მეორე დოზაზე. დილის მონაცემებით, თავისუფალი დარჩა 10 000 ჯავშანი, ძირითადად რეგიონებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება, დაემატება ამცრელი ბრიგადები და ვაქცინაციისთვის შესაბამისი დაწესებულებები.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ბოლოს ჩატარებულ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიშალოს გეოგრაფიული არეალი.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით თანდათანობით გაიზრდება, დაემატება ამცრელი ბრიგადები, ასევე დაწესებულებები, განსაკუთრებით თბილისში, რადგან აქტივობის 60-70% მოდის თბილისზე. გასულ საბჭოზე პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაიშალოს გეოგრაფიული არეალი. იგივე მოლები, აფთიაქებზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ მოლებზე გიდასტურებთ, რომ არის საუბარი. ერთი მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია განთავსებული.
მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ დოზები ამ ეტაპზე საკმარისია. კიდევ, დამატებით პირველი აცრისთვის ნახევარი მილიონი რომ მივიღეთ, ის ორად გაიყო. ანუ, 250 000 შენახულია, რათა უკვე 15 აგვისტოდან მეორე ინექციები დაიწყოს. ეს ჯავშნები, რაც ახლა მიმდნარეობს, 14 აგვისტოს ჩათვლითაა. „ფაიზერის“ პირველ დოზაზე ქვეყანაში დაახლოებით 100 000 მარაგი გვაქვს და კიდევ თანდათანობით შემოვა. მომავალ კვირაში ლიმიტირებული, მაგრამ გარკვეული რაოდენობა გამოჩნდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოში გართულებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და აუცილებელი რეკომენდაციების სათანადოდ დაცვა.
„სამწუხაროდ, ეპიდვითარება ძალიან დაძაბულია. ყოველდღიურად 2 000 შემთხვევა პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ციფრია. თუ ჩვენ ინტენსიურად არ ავიცერით და არ დავიცავით რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის ტარება და თავშეყრებისთვის თავის არიდება, მაგალითად, ფესტივალები, ესაა სერიოზული ბუსტერი. ჩვენ შევდივართ დაახლოებით ისეთ ტალღაში, როგორიც ვიყავით ნოემბერში. კლინიკებში დარეგისტრირება იქნება დაახლოებით ამ კვირის მეორე ნახევრიდან. ხვალიდან ვაქცინაცია დაიწყება, ვისაც ჯავშანი აქვს ონლაინ, მაგრამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის აუცილებელი იქნება ტელეფონით დაჯავშნა, ასევე შეეძლებათ ცოცხალი რიგით მისვლა ცხელ ხაზებზე დარეკვით. ვეცდებით, ვირტუალური კაბინეტები ყველა დაწესებულებაში იყოს, სადაც ადამიანს შეეძლება მისვლა და აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.