ამირან გამყრელიძე - როგორმე აცრის ტემპი არ უნდა შევამციროთ, ხოლო პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 %-ზე თუ ავიყვანთ, ეპიდემია გაცილებით მალე შეკავდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში აცრების მაჩვენებელი გაზრდილია.
მისივე თქმით, ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ახლა მთავარია, აცრის ტემპი არ შემცირდეს.
„აცრების მაჩვენებელი გაზრდილია ქვეყანაში. აგვისტოს ბოლო დღეა და დღეს შესრულდება სამი ასეთი მრგვალი ციფრი. ანუ მილიონ 200 ათასი აცრა იქნება ქვეყანაში დღეს. შესრულდება 1 200 000 და გადააჭარბებს. მეორე მრგვალი ციფრი იქნება, რომ 800 000 გადააჭარბებს სულ მცირე ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა. ასევე, დღეს იქნება ეს. ასევე მესამე მრგვალი ციფრი იქნება დღეს, რომ 400 000-ს გადააჭარბებს სრულად აცრილთა რაოდენობა.
მოგეხსენებათ, ეპიდემიის შეკავებაში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რადგან ამ კუმულაციურ იმუნიტეტს აქვს შემაკავებელი თვისება. მთავარია, როგორმე აცრის ტემპი არ შევამციროთ, პირიქით. სექტემბერში გვქონდეს რაც შეიძლება მეტი. 30 ათასი იქნება კარგი, მაგრამ ჩვენ დღეს შეგვიძლია 40 ათასი აცრა გავატაროთ დღის განმავლობაში. თუ ჩვენ დღეში საშუალოდ გვექნება 30 ათასი აცრა სექტემბერში, ანუ მილიონ აცრას გავაკეთებთ, აგვისტოში გავაკეთეთ 700 ათასი აცრა, მაშინ ეპიდვითარება უფრო სწრაფად გამოსწორდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე.
„გთხოვთ ყველას, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აცრებისკენ და მოგიწოდებთ პირბადის ტარებისკენ. 50 %-ზე დაბლა ჩამოვიდა და 47 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი. მაჩვენებელი უნდა ავწიოთ 70-75-მდე, 85-მდე. ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარია აცრებთან ერთად. ყველგან ვატაროთ პირბადე 3 თვე. ყველა ადამიანმა, თუ 95 %-ზე ავიყვანთ ამ მაჩვენებელს, დარწმუნებული იყავით, რომ ეპიდემია გაცილებით მალე შეკავდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.