ამირან გამყრელიძე - პირველი დოზისთვის დღეს გვაქვს 150 000 „ფაიზერი“, 15 000 „ასტრაზენეკა“, 130 000 „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“, მეორე დოზაც ყველასთვის შენახულია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ინტენსიურ აცრებზე და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია, ასევე ეტაპობრივად ხდება დამატებაც.
გამყრელიძის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი დღეს სწორედ ვაქცინაციაზე გადის.
„ახლა ყველაზე მთავარი, ხაზს ვუსვამ, ყველაზე მთავარი არის ინტენსიური აცრები. აი, მაგალითად, ახლა რომ ვიოცნებოთ, ასე ვთქვათ, და ყველამ ერთად შევძლოთ, რომ ორი კვირის განმავლობაში დღეში ავცრათ 100 000 ადამიანი, ნახავთ, რომ ერთი კვირის შემდეგ სერიოზულ გარდატეხას შევიტანთ ეპიდემიის განვითარებაში, რომ გავაკეთოთ ეს, ნუ 100 000. კი, ბატონო, ეს ოცნებაა, მაგრამ თუ ჩვენ ყოველდღიურად 30 000-ზე ავედით… მუდმივად შემოდის ქვეყანაში ვაქცინები,დღეს პირველი დოზისთვის გასაკეთებლად გვაქვს 150 000-მდე „ფაიზერი“, მეორე დოზა ყველასთვის შენახულია. პირველი დოზისთვის 150 000 ადამიანი რომ მოვიდეს ერთ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ გავატარებთ, დღევანდელი გამტარუნარიანობა 28 000 -30 000-ის ფარგლებშია, ამას გავატარებთ ხუთ დღეში, მაგრამ 150 000 „ფაიზერი“ დევს დღეს პირველი დოზისთვის, 130 000 „სინოფარმი“ დევს პირველი დოზისთვის, ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ დევს პირველი დოზისთვის, 15 000 „ასტრაზენეკა“ დევს პირველი დოზისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვინც არ ხართ აცრილები, რომ მიბრძანდეთ და აიცრათ, რადგან აცრაზე გადის დღეს პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი“, – განაცხადა გამყრელიძემ.