ამირან გამყრელიძე - საუკეთესო ვარიანტია მილიონი დამატებითი აცრა სექტემბერში, მთავარია მოსახლეობის მობილიზაცია და სამედიცინო პერსონალის აქტიური მუშაობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, სექტემბერში ვაქცინაცია უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, პანდემიის დამარცხების მთავარი გზა სწორედ აცრებზე გადის.
„ყველაფერი მიღწევადია, თუ მოვინდომებთ, ჩვენ კი ძალიან მოვინდომებთ, თუ იქნება დიდი დამყოლობა. რაც მეტი აცრილი იქნება ქვეყანაში, მით უფრო მყარი საზოგადოებრივი იმუნიტეტი იქნება, მით უფრო სწრაფად გაჩერდება პანდემია. აგვისტოში მასობრივი იმუნიზაციის საკმაოდ კარგი ტემპი აიკრიფა. ალბათ, აგვისტოს ბოლოს ჩვენ გავალთ 1 მლნ 200 000 აცრაზე მთლიანად, აქედან მხოლოდ აგვისტოში იქნება დაახლოებით 700 000 აცრა.
ვფიქრობთ, რომ ასევე სადღაც 400 000-ს მივუახლოვდებით სრულად აცრილ ადამიანთა რაოდენობით, ანუ ვინც ორჯერ იქნება აცრილი და სადღაც 800 000-ს მივუახლოვდებით ერთჯერადად აცრილ ადამიანთა რაოდნეობით, მაგრამ, რა თქმა უნდა ეს არაა საკმარისი. აგვისტოში ჩვენ უოველდღიუური აცრების რაოდენობა გვაქვს სადღაც 23 000-მდე და ბოლო ერთი კვირაა 26 000 მდე. ამიტომ, თუ სექტემბერი იგივე ტემპით გაგრძელდება, არაუშავს, მაგრამ სექტემბერში გვინდა უფრო სწრაფი ტემპი.
ჩვენ სექტემბერში ვგეგმავთ არა 700 000, არამედ 800-900 000 აცრას და საუკეთესო ვარიანტია, რომ იყოს მილიონი დამატებითი აცრა სექტემბერში. ამისთვის საჭიროა, ქვეყანაში კეთდებოდეს დღეში დაახლოებით 30-33 000 აცრა, რაც დღეს სავსებით შესაძლებელია, რადგან არის ვაქცინების შესაბამისი მარაგი და ამავე დროს არის გამტარუნარიანობა, ანუ ამცრელ დაწესებულებათა და ბრიგადების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ, დღეში 35 000-40 000 აცრა თავისუფლად ატარონ. აქ მთავარია მოსახლეობის მობილიზაცია და ჩვენი სამედიცინო პერსონალის აქტიური მუშაობა, რომ დავარწმუნოთ მოსახლეობა, დავაჯეროთ, რომ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე, რომ სრულად აცრილი 1 000 ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. ყველამ უნდა მოვინდომოთ, ყოველმა ათასმა ადამიანმა, რომ ავიცრათ, გადავარჩინოთ კოვიდისგან ერთი ადამიანის სიცოცხლე. თუ ყველა ვიქნებით ძალიან სოლიდარული, გავაკეთებთ სრულ მობილიზაციას, რა თქმა უნდა, სექტემბერში მილიონი აცრის ჩატარება შესაძლებელია და მაშინ, მილიონი რომ ავცრათ სექტემბერში და კიდევ მილიონი ოქტომბერში, ჩვენ უკვე უფრო ადრე გავალთ სამიზნე მაჩვენებელზე – მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე და, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ წლის ბოლოსთვის ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 80%. მაშინ უფრო მშვიდად და თავისუფლად შევხვდებით ახალ წელს“, – განუცხარა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.