ამირან გამყრელიძე - მიუხედავად ბევრი ახსნა-განმარტებისა, თხოვნისა და მოწოდებისა, აცრის მაჩვენებელი ზევით ვერ მიდის, ამ რიცხვებით ფონს ვერ გავალთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი ათ პროცენტს გასცდა.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, იკლებს აცრის მაჩვენებელი.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რთული და საგანგაშოა. ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მერყეობს 4-5 ათასის ფარგლებში. დღევანდელი სტატისტიკა განპირობებულია ე.წ. შაბათ-კვირის ეფექტით, როცა ნაკლები ადამიანი მიმართავს ლაბორატორიებს გასატესტად. სხვა ინდიკატორები, როგორიც არის დადებითობის მაჩვენებელი, გაზრდილია, ბოლო ორი კვირის არის 9-10 პროცენტი, დღევანდელი კი გასცდა 10 პროცენტს. რაც მთავარია, გაზრდილია რეპროდუქციის ინდექსი, რაც, რა თქმა უნდა, პროგნოზულად ცუდია, რადგან ეპიდსიტუაცია ალბათ კიდევ უფრო დაიძაბება. მით უმეტეს, რომ აცრის მაჩვენებელი ვერაფრით ზევით ვერ მიდის. მიუხედავად ბევრი ახსნა-განმარტებისა, თხოვნისა, მოწოდებისა, სოფლებში სიარულისა, მარათონის წარმოებისა, მაინც ყოველდღიურად 4-5 ათასის ფარგლებშია, ოქტომბრის საშუალო კი ჩამოვიდა 6 000-ზე, როცა ჩვენ სექტემბრის საშუალო გვქონდა 19 000. ამ რიცხვებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებულია მოსახლეობის 32 პროცენტი, რაც ინფექციას ვერ შეაკავებს.
„ორჯერადად სულ ვაქცინირებულია მოსახლეობის 32 პროცენტი და ეს ვერ შეაკავებს ინფექციას, სულ მცირე ერთი ამდენი უნდა იყოს აცრილი, რომ ვიფიქროთ ინფექციის შეკავებაზე და ვთქვათ, რომ მომდევნო დიდი ტალღები ქვეყანას აღარ ექნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.