ამირან გამყრელიძე - კორონავირუსზე მთელ მსოფლიოში აცრილია დაახლოებით, 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შედეგი არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გვერდითი მოქმედება ყველა წამალსა და ნივთიერებას ახასიათებს, გვერდითი ეფექტი აქვს ვაქცინასაც, თუმცა მისი სარგებელი ბევრად მეტია.
გამყრელიძის განმარტებით, დღეს მთელ მსოფლიოში აცრილია დაახლოებით 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შედეგი არ დამდგარა.
„ხშირად არის საუბარი გვერდით მოქმედებებზე, გვერდითი მოქმედება აქვს ყველა წამალსა და ნივთიერებას. გარვეული დოზით მიღებულმა წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი. რა თქმა უნდა, ვაქცინასაც აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ ვაქცინის სარგებელი არის ასჯერ, ათასჯერ და მეტჯერ მეტი, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედებები. დღეს მთელ მსოფლიოში აცრილია დაახლოებით 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შედეგი არ არის, მაშინ, როცა 120 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდინფექციით და, სამწუხაროდ, 2.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ავწონოთ სარგებელი და რისკი. ამიტომ, ყველას უმორჩლესად გთხოვთ, მეტად დავყვეთ მოწოდებებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.