ამირან გამყრელიძე - ივლისში ყოველდღიურად 20-25 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისში ვაქცინაციის ტემპი უნდა გააქტიურდეს და დღეში 20-25 ათასამდე ადამიანი აიცრას.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე 1 700 000 მოქალაქე უნდა იყოს ვაქცინირებული.
„ჩვენ წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი. ამიტომ აუცილებელია ტემპის გაორმაგება და ვემზადებით ივლისისთვის, როცა ქვეყანაში შემოდის სხვადასხვა ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე. დღეში უნდა ავცრათ დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი.
რეგისტრაციის ორივე ფორმა იქნება. რა თქმა უნდა, იქნება წინასწარი რეგისტრაცია პორტალზე, მაგრამ რადგან სოფლის მოსახლეობას ეს უჭირს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ე.წ. ცოცხალი რიგი, ასევე წითელ ჯვარს ვთხოვთ და ზაფხულში აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში სტუდენტები, რათა ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები ნაკლები აქვთ, მიეხმარონ დარეგისტრირებაში. ასევე, პარალელურად გვექნება ვირტუალური კაბინეტები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ დარეგისტრირდნენ და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.