ამირან გამყრელიძე - გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს
გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული.
„აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8 პროცენტს შეადგენს. გუშინ 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა. მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის ასევე ის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ახლა ჩვენ, ჩვენს აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ ამას, გაუქმების მიზეზები რა იყო. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ, მაგალითად, „სინოფარმზე“ და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძორითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე“ – 17 791, „სინოფარმზე“ – 79 523, „სინოვაკზე“ – 73 749“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დახურულ შენობებში პირბადის ტარებაზე კონტროლი გამკაცრდება.
„ძირითადი გზავნილები დღეს, რაც იქნა ინტენსიურად განხილული და რასაც დათანხმდა საბჭო გახლავთ ის, რომ განსაკუთრებით გამკაცრდეს აღსრულება პირბადის ტარების დახურულ შენობებში. განსაკუთრებით, ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება და რეკომენდაცია, ხუთ ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში და ამავე დროს, თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება.
ერთი მხრივ, დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება, მიეცათ დავალებები შესაბამის ორგანოებს – აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების, იქნება ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესტივალები და ა.შ. ასევე, ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრით, „პისიარ“ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ და თუ ყველაფერი ეს არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება უკვე წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში, რადგან ყველა პარამეტრით და ყველა ინდიკატორით, ინციდენტობის ინფიკატორით, ეს გახლავთ დადებითობის მაჩვენებელი, ეს გახლავთ სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე, არის ყველა იმის საფუძველი, რომ გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში მაქსიმალურად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.