ამირან გამყრელიძე - დიდი ალბათობით, საჭირო იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც
დიდი ალბათობით, საჭირო იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინის მესამე დოზაზე ბევრი კვლევა ტარდება და სპეციალისტები მის საჭიროებაზე საუბრობენ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მესამე დოზით ვაქცინაცია საჭირო იქნება მეორე დოზის გაკეთებიდან 6-8 თვის შემდეგ.
„ბევრი კვლევა ტარდება ბუსტერ დოზებთან მიმართებაში. დიდი ალბათობით, მესამე, ბუსტერ დოზა იქნება საჭირო. დღეს ორჯერადად აცრილ პირებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ მათ ფუმერული ან უჯრედული იმუნიტეტი და ამ დაკვირვების პარალელურად, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ვაქცინათა უმრავლესობაზე მესამე დოზა საჭირო იქნება. ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში.
დიდი ალბათობით, მესამე დოზა გაკეთდება მეორე დოზით ვაქცინაციიდან ექვსიდან რვა თვის შემდეგ. საერთაშორისო მწარმოებლების გეგმებიც მიუთითებს იმას, რომ მესამე დოზა საჭირო იქნება. წარმოების მოცულობა იმაზე მეტი იგეგმება, ვიდრე ორჯერადად აცრისთვის გლობალურად არის საჭირო.
საერთაშორისო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ასე მარტივად არ დასრულდება კოვიდი და ყოველწლიურად დაგვჭირდება აცრა, ვიდრე ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება იმდენად, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მესამე ჯერზე განსხვავებული ვაქცინით აიცრან.
„რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა ვაქცინა უნდა იქნას მესამე დოზის გასაკეთებლად გამოყენებული, თავისუფლად შესაძლებელია, რომ იყოს სხვაც. ვინც ორჯერ აცრილია „სინოფარმით“, 8 თვის შემდეგ შეუძლიათ, აიცრან „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათი“ და პირიქით.
რაც შეეხება პირველი და მეორე დოზების შერევას, ამ ეტაპზე რეკომენდირებულია, რომ პირველი და მეორე დოზა ერთი და იმავე მწარმოებლის ვაქცინით გაკეთდეს, მაგრამ სპეციალისტები დიდ პრობლემას ვერ ხედავენ შერევაში. მაგალითად, „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა კეთდება 8-12 კვირის შემდეგ და თუ გეჩქარებათ მეორე დოზის გაკეთება, შეგიძლიათ სხვა გაიკეთოთ, ამაში მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ეს შემთხვევა უნდა იქნეს განხილული. „ნიტაგი“ არის ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტი და საკითხი ინდივიდუალურად მათთან უნდა შეთანხმდეს. ადამიანს თუ უნდა ვაქცინის მწარმოებლის მეორე დოზით აცრა, დაწერს განცხადებას სამინისტროში და შემდეგ ამას განიხილავს ეს კომიტეტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.