ამირან გამყრელიძე - „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტის აცრაც აღარ არის უკვე საკმარისი, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაცია
ამირან გამყრელიძე - „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტის აცრაც აღარ არის უკვე საკმარისი, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 16 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა იყოს.

გამყრელიძე ამბობს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება, რომლის ფარგლებშიც ყველა სოფელში, დასახლებულ პუნქტში უნდა მივიდნენ და მოქალაქეები ვაქცინის სარგებლის შესახებ დაარწმუნონ.

„რა თქმა უნდა, დღევანდელი ვაქცინაციის სტატუსით კმაყოფილი არ ვართ. სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით. ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში მეტი ყოფილიყო აცრა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. 16 სექტემბრიდან ქვეყანაში აცრების მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ მოსახლეობას. უნდა მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ ვაქცინა არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ ვართ აცრილი, მეტად ვართ დაცული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით სულ ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტი.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ განსაკუთრებით „დელტა“ შტამის არსებობის დროს, აღნიშნული მაჩვენებელი საკმარისი არ არის და საჭიროა, გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაცია.

„დღეს გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტი აცრილი. წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს 60 პროცენტი, რომ წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური მოსახლეობისთვის, მაგრამ 60 პროცენტიც აღარ არის უკვე საკმარისი. „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი. ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაციის პროცესი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.