ამირან გამყრელიძე - აპრილში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა.
როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამავდროულად გრძელდება მოლაპარაკებები „ფაიზერთან“,„ნოვოვაქსთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“ და სხვა მწარმოებლებთან.
„კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია „სინოფარმთან“, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში „სინოფარმის“ დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები „ფაიზერთან“, „ნოვოვაქსთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ვაქცინაცია ამ ტემპით თუ გაგრძელდება, როგორითაც დღეს მიმდინარეობს, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა ვერ მოხერხდება.
„როდესაც ახალი ვაქცინა ინერგება, გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს მოსახლეობაში, პროფესიონალებში. მე ძალიან გაოცებული ვარ, რომ იგივე ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი ასე რატომ პასიურობს. ბევრი მუშაობა გვმართებს. ამ ტემპით ის მიზანი ვერ შესრულდება. ამიტომ ტემპი უნდა დაჩქარდეს და სერიოზული მარაგები შეიქმნას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში სპეციალური დიდი ამცრელი სივრცეები მზადდება, რომლის გეგმაც საზოგადოებას მაისში წარედგინება.
„ჩვენ სპეციალურ დიდ ამცრელ სივრცეებზე ვმუშაობთ, რომელმაც დღეში 5000-6 000-7 000 და მეტი ადამიანი უნდა გაატაროს. ამის გეგმა მაისში იქნება წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს ის ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში. აქედან გამომდინარე, ეს ტემპი სრულიად არ არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.