ამირან გამყრელიძე - ამ ტემპით, როგორც დღეს მიმდინარეობს მსოფლიოში ვაქცინაცია, 75 პროცენტის მოცვას და საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნას 5 წელი დასჭირდება, რაც ძალიან ბევრია
ამირან გამყრელიძე - ამ ტემპით, როგორც დღეს მიმდინარეობს მსოფლიოში ვაქცინაცია, 75 პროცენტის მოცვას და საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნას 5 წელი დასჭირდება, რაც ძალიან ბევრია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებულ გლობალურ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს 98 ქვეყანაში მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დაახლოებით 130 ქვეყანაში კი ჯერ არ დაწყებულა.

გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ტემპით ვაქცინაციის შემთხვევაში, მსოფლიო მოსახლეობის 75 პროცენტის მოცვას და საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნას 5 წელი დასჭირდება, რაც დიდი დროა.

„დღეს უკვე 98 ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაცია, დაახლოებით, 130 ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. დღეს დილის მონაცემებით, დაახლოებით 209 მილიონი ადამიანი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში. ამ ტემპით, როგორც დღეს მიმდინარეობს მსოფლიოში ვაქცინაცია, გათვლილია, რომ 75 პროცენტზე რომ ავიდეს მოცვა და შეიქმნას ე.წ. კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, დასჭირდება 5 წელი, რაც ძალიან ბევრია.

მოგეხსენებათ, მაგალითად აშშ გეგმავს, დაამთავროს ვაქცინაცია ივლისის ბოლოს. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს მოსახლეობის იმუნიზაცია. დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მეტი, ორჯერადი დოზით აცრილი ჰყავს პატარა ქვეყანა გიბრალტარს – 37 პროცენტი. შემდეგ მოდის ისრაელი 34 პროცენტით, სეიშელი – 22 პროცენტით, სერბეთი – 7 პროცენტით, აშშ – 5.9 პროცენტით, მალტა – 4.2 პროცენტით. რაც შეეხება აბსოლუტურ ციფრში, თუ ვის რამდენი ჰყავს აცრილი, ყველაზე  მეტი აცრილი არის აშშ-ში – 64 მილიონი, ჩინეთში 40 მილიონი, გაერთიანებულ სამეფოში 18 მილიონი, ინდოეთში 11 მილიონი, ისრაელს 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი ჰყავს აცრილი ერთი აცრით. მოგეხსენებათ, საჭიროა ორი აცრა გარკვეული დროის გამოტოვებით, რომ მყარი იმუნიტეტი შეიქმნას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.