ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა, ვისაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა კორონავირუსით ინფიცირებულთან, 14 დღის განმავლობაში იზოლირებული იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით მთავარ რეკომენდაციებზე.
გამყრელიძის თქმით, მთავარი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. ასევე, გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ხელების ხშირად დაბანა, სველი წესით დალაგება და განიავება.
„მთავარი რეკომენდაციაა, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ჩვენი მოსახლეობისთვის, მოვერიდოთ მგზავრობას, განსაკუთრებით დასენიანებულ ქვეყნებში. პირველ რიგში ეს გახლავთ ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია და კიდევ ჩამოთვლილი ის 38 ქვეყანა, მაგრამ ზოგიერთში გახლავთ მხოლოდ ერთეული შემთხვევები, ამიტომ იქ არ იკრძალება. ზოგადად, ხაზს ვუსვამ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით არ იკრძლება მოგზაურობა, მაგრამ სიფრთხილით ვეკიდებით და სადაც ჩავდივართ უნდა განვახორციელოთ ის პრევენციული საშუალებები, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა. ამიტომ ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება გახლავთ პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც შეიძლება ხშირად ხელების დაბანა, სველი წესით დალაგება, ხშირად განიავება“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, მან მოსახლეობას მიმართა, მოგზაურობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
„თუ საქართველოში დასენიანებული ქვეყნებიდან ვბრუნდებით და 14 დღის განმავლობაში, რადგან 14 დღე არის ინკუბაციური პერიოდი, გვეწყება სიმპტომები, რომლებიც გამოიხატება ტემპერატურით, ხველით, სუნთქვის გაძნელებით, ქოშინით, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ჩვენს ოჯახის ექიმებს, სამედიცინო დაწესებულებას ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოებს. იქ ჩატარდება კვლევა. დადასტურებულ შემთხვევად ითვლება მხოლოდ ის შემთხვევა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდება. ლაბორატორიული სიმძლავრეები ქვეყანაში საკმარისია, ლაბორატორიული კვლევა წარმოებს ლუგარის ცენტრში, კვლევას დაახლოებით 4-დან 5 საათამდე სჭირდება, სიმძლავრეები სერიოზულია. გვაქვს მარაგები დაახლოებით 2 000 კვლევაზე და მეტზე. თუ დამატებით დაგვჭირდა კიდევ, გვაქვს საშუალება, სწრაფი ტემპით მივიღოთ, არავითარი დაბრკოლება არ არის. დღე-ღამის განმავლობაში მუშაობის საშუალება არის, რომელიც გვაძლევს საკმაოდ დიდი რაოდენობით კვლევის ჩატარების საშუალებას, ამ შემთხვევაში დაბრკოლება არ არის“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, ყველა ის ადამიანი, ვისაც შესაძლოა საზღვარზე კონტაქტი ჰქონოდა კორონავირუსით ინფიცირებულთან, 14 დღის განმავლობაში შესაბამის საიზოლაციო სივრცეში იქნება.
„დიახ, ინფექცია დაფიქსირდა პირველად ქვეყანაში, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რადგან ინფექცია დაფიქსირდა აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მომავალ ადამიანზე, საქართველოს მოქალაქეზე. აზერბაიჯანის ჯანდაცვის შესაბამის უწყებებთან იყო კონტაქი, სადაც აქვთ დაწყებული მუშაობა შესაძლო კონტაქტების მოძიებაზე.
ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ტვირთი გადადის ეპიდემიოლოგებზე, რომლებმაც მოიძიეს საქართველოში საბაჟოზე ყველა შესაძლო კონტაქტი, საზღვარზე გამტარი კონტაქტი, რადგან პაციენტი პირდაპირ იქნა გადმოყვანილი და მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონდა. ყველა ეს კონტაქტი იზოლაციაშია და 14 დღის განმავლობაში იქნებიან შესაბამის საიზოლაციო სივრცეში“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ინფექციებთან ბრძოლის მზაობა ქვეყანაში ბევრად მაღალია, ვიდრე ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყოფილა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადასახედიდან, ჯანმრთელობის სისტემის გადასახედიდან, რომ ამ ეტაპზე ინფექციებთან ბრძოლის მზაობა ქვეყანაში ბევრად მაღალია, ვიდრე ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყოფილა. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება.