დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ვაქცინაციის გაფართოების შესახებ იმსჯელა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაიწყება ძალიან ძლიერი საინფორმაციო კამპანია, ასევე სხვადასხვა ფორმის წამახალისებელი ღონისძიებები აცრილებისთვის.
„დღეს საბჭოზე იყო სერიოზული განხილვა ვაქცინაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. წარდგენილი იქნა და განიხილება ძალიან ძლიერი, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც დაახლოებით იმ რანგში იქნება, როგორც არჩევნების დროს არის საკომუნიკაციო კამპანია. მეორე, იქნება სხვადასხვა ფორმის წახალისებები აცრილებისთვის, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკის და სასოფლო დასახლებებში მყოფ პირებთან დაკავშირებით, ასევე ქალაქებში მცხოვრებ აცრილებთან მიმართებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საბჭოზე მწვანე კოვიდპასპორტების საკითხზე აქტიურად იმსჯელეს. გამყრელიძის აზრით, გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში მიღებენ.
„ამავე დროს განხილული იყო მწვანე პასპორტის კონცეფცია, რომელმაც სტიმული უნდა მისცეს აცრებს, რათა ადამიანებს დისკომფორტი არ შეექმნათ სხვადასხვა დაწესებულებაში სტუმრობებთან დაკავშირებით. იცით, ეს მეთოდი ბევრ ქვეყნებში გამოიყენება. ამ კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია და დღეს იყო აქტიური განხილვა საკოორდინაციო საბჭოზე. ვფიქრობთ, ამასთან დაკავშირებით ხვალ ან ზეგ გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ვაქცინაციის მარათონს, გამყრელიძის ინფორმაციით, ის კვლავ გაგრძელდება, თუმცა სახეცვლილი ფორმა ექნება.
„ასევე, გაგრძელდება მარათონი, ოღონდ შედარებით სახეცვლილი. ჩვენს წინადადებებს განიხილავს საბჭო. ეს მოიცავს სამ მიდგომას. ერთი, სამ რეგიონში, სადაც ჩვენ უკვე ახლოს მივდივართ 60 %-იან, ანუ ჩვენს წლევანდელ სამიზნესთან, მოცვასთან, იქნება სერიოზული სტიმულები, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავიდეთ 60%-იან მოცვაზე. პირველ რიგში, ეს არის თბილისი, სადაც უკვე მოზრდილი მოსახლეობის 50 პროცენტია აცრილი. ასევე აჭარის რეგიონი, სადაც 45%-ზე მეტია აცრილი და ეს გახლავთ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის შედარებით პატარა რეგიონი, სადაც 45 პროცენტის ფარგლებშია აცრის მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, თბილისში ამისთვის გვჭირდება დამატებით სადღაც 80 ათასი ადამიანის აცრა, აჭარაში დათვლილია დაახლოებით 40—45 ათასი. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სამი ათასი.
იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავიდეთ, 60 %-იან აცრაზე, ასეთივე სამოდელო შეირჩა ორი მუნიციპალიტეტი. ერთი დასავლეთ საქართველოში და ერთი აღმოსავლეთ საქართველოში. ერთი გახლავთ გურჯაანი კახეთში, მეორე ოზურგეთი – გურიაში. გურიაშიც არა უშავს, სადღაც საშუალო მოცვაზე ზევით არის. მეორე მხრივ, კახეთში აცრების მაჩვებენელი საშუალო ქვეყნის მოცვაზე დაბალი გვაქვს. ამიტომ ამ ორ მუნიციპალიტეტში გვინდა სამოდელო შევქმნათ, რათა იქაც სწრაფად გავიდეთ 60 %-იან მოცვაზე.
მესამე ჩვენი შეთავაზება ვრცელდება ქვეყნის 10 დიდ ქალაქზე, რომელშიც მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი ცხოვრობს. ესენია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, აღმოსავლეთ საქართველოში – თელავი, გორი, ახალციხე, დასავლეთში – ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი. შეთავაზებაა, დაიწყოს უკვე სახეცვლილი მარათონის. ე.წ. პარასკევი შაბათ-კვირის ინტენსიური, მასობრივი აცრების აქციები. ასეთია ჩვენი წინადადება და აქ მედიას განსაკუთრებული წვლილის შეტანა დაგჭირდებათ. შეიძლება იყოს კონცერტიც, ვთქვათ, გამორჩეული სახეების ადამიანების მოწოდებები, გამოსვლები. მათ შორის დღეს ქალბატონი პრეზიდენტი ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას. მან გამოთქვა სურვილი რეგიონებში მისი აქტიური მოგზაურობის და აცრების ადვოკატირების, პრომოციის შესახებ. ამიტომ ასეთი ტიპის ღონისძიებები დაგეგმილია მომავალი ორი თვე“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გუშინდელი განცხადებების გამო, საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
„ალბათ არასწორია, პრეზიდენტის განცხადებები შევაფასო. პრეზიდენტს დღეს ოფიციალურად დიდი მადლობა გადავუხადე განცხადებისთვის, რომელიც მან გუშინ გააკეთა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად გამიჟღერებია, იცით, მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფებში სავალდებულოების, მათ შორის, ჩემს კოლეგებში, ასევე მასწავლებლებში, მაგრამ მოგეხსენებათ, სავალდებულოების პრინციპი არ არის მარტივად გადასაწყვეტი, ის დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ადამიანის უფლებებთან, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობის ინტენსივობასთან, ადამიანების, მოსახლეობის განწყობასთან. ბევრი რამეა აქ გასათვალისწინებელი, ამიტომ მწვანე პასპორტი სხვა არაფერია, თუ არა ირიბი მანდატორიზმი. დარწმუნებული ვარ, მწვანე პასპორტის რიგი პოსტულატები მალე შევა მოქმედებაში. ნებაყოფლობით მოვიდა 33 პროცენტი. ახლა ჩვენ რომ წამახალისებელ ღონისძიებებს აქტიურად დავნერგავთ და დავგეგმავთ, იმით ალბათ კიდევ მოიმატებს გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ყველა ქვეყანა ჩერდება რაღაც ზღურბლზე.ზოგიერთისთვის ეს ზღურბლი იყო 40 პროცენტი, ზოგიერთისთვის 30, ზოგიერთისთვის 58, 60. უკვე ბევრი სამეცნიერო მტკიცებულებით არის მიღებული, რომ აცრა იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, გართულებებისგან, ასევე სიკვდილიანობისგან, მაგრამ 100-პროცენტიანი მედიცინაში არაფერი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში გავრცელებულ „დელტას“ ახალი ვარიანტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლების შედეგად საქართველოში ახალი ვარიანტი ჯერ დაფიქსირებული არ არის.
„ყველამ ერთად როგორმე უნდა შევძლოთ, რომ აუცილებლად სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ. მოგეხსენებათ, ახალმა შტამმა დაიწყო ცირკულაცია ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთის ქვეყანაში, ასევე 27 ქვეყანაშია უკვე დაფიქსირებული, ჩვენთან ინტენსიური მეთვალყურეობა, მონიტორინგი მიმდინარეობს ლუგარში. ჯერჯერობით ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ ალბათ დიდი ალბათობით, მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რამეთუ მობილობა, მოგზაურობა გაზრდილია და გავრცელება გამორიცხული არ არის “, – განაცხადა გამყრელიძემ.