ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კლინიკებში პირდაპირი რიგის საშუალებით გუშინ 300-დან 400-მდე პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე აქტივობა იმატებს, თუმცა საკმარისი არ არის.
გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ზრდის დინამიკა გაგრძელდება.
„ჰაკერული შემოტევების გამო პორტალმა კვირას, შუადღის შემდეგ დაიწყო ფუნქციონირება. რა ინფორმაციაც მაქვს, დღეს დილისთვის რეგისტრაცია სულ 27 000-ზე მეტმა პირმა გაიარა. აქედან გუშინ 2 000-ზე მეტი, ამ დროისთვის კი 25 000 ადამიანია ჩაწერილი „სინოფარმზე“. ჩვენ დაახლოებით 100 000 ადგილი გავხსენით „სინოფარმზე“ რეგისტრაციისთვის 19 ივლისამდე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით აქტივობა მაღალი არაა, თუმცა პირველ დღეს 25 000-ის ჩაწერა ცუდი არ არის. საათობრივი დინამიკის მიხედვით აქტივობა იმატებს, თანდათან მეტი ჩაეწერება. დიდი იმედი გვაქვს, ამ კვირის განმავლობაში ზრდის დინამიკა იქნება. ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და საჭიროა კუმულაციური იმუნიტეტისთვის. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საკითხზე მსჯელობას მიეძღვნა“, – განაცხადა ამირან გაყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, 300-დან 400-მდეა რაოდენობა იმ პირებისა, რომლებსაც ვაქცინაცია კლინიკებში პირდაპირი რიგის საშუალებით ჩაუტარდათ.
„გუშინ 300-დან 400-მდე პირი აიცრა არა პორტალის საშუალებით, არამედ ეგრეთ წოდებული ვირტუალური კაბინეტებით, პირდაპირი რიგით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.