ამერიკის შეერთებული შტატები ჰაიტელი ლტოლვილების პროგრამას აჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ელეინ დიუკმა განაცხადა.
ლტოლვილთა პროგრამის შეჩერებით, სპეციალურ სტატუსს 60 ათასამდე ჰაიტელი დაკარგავს. პროგრამა მათ აშშ-ის ტერიტორიაზე დროებით ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.
როგორც აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აღნიშნავენ, პროგრამა 2010 წელს ჰაიტიში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის პასუხად ამოქმედდა, ბოლო პერიოდში კი ჰაიტიზე არსებული ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა. პროგრამის მოქმედების ვადა უკანასკნელად გახანგრძლივდება და მისი მოქმედება 2019 წლის ივლისში შეწყდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ჰაიტელ ლტოლვილებს ახალ ვითარებასთან ადაპტირებასა და სამშობლოში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
2010 წლის იანვარში ჰაიტის რესპუბლიკაში ბოლო 200 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 230 ათასი ადამიანი. ქვეყანაში ნაგებობების 60% მთლიანად განადგურდა. უსახლკაროდ 1,3 მილიონი ჰაიტელი დარჩა.