ჰაიტის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ჰაიტის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ჰაიტის პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ჰაიტის პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება იამაიკაში რეგიონული ლიდერების შეხვედრის პარალელურად გახდა ცნობილი, სადაც სწორედ ჰაიტიში პოლიტიკურ სიტუაციაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ არიელ ანრი ქვეყანას 2021 წლის ივლისიდან, მას შემდეგ მართავდა, რაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მოკლეს.

ამასთან, გასულ კვირას ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს და 4 000 მსჯავრდებული გაათავისუფლეს. ჰაიტიში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფები ასევე თავს დაესხნენ აეროპორტს, პორტებს და შეზღუდეს ისეთი მნიშვნელოვანი მარაგების მიწოდება, როგორიცაა საკვები. როდესაც ქვეყანაში ეს არეულობა მოხდა, პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი კენიაში იმყოფებოდა, სადაც ჰაიტიში კრიმინალთან საბრძოლველად საერთაშორისო კონტინგენტის განლაგების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. როგორც მედია წერს, სწორედ მისი ეს ვიზიტი აღმოჩნდა ქვეყანაში არეულობის დაწყების მიზეზი. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ერთ-ერთმა მეთაურმა, მეტსახელად ბარბექიუიმ, პრემიერ-მინისტრს ომი გამოუცხადა. მედიის ცნობით, ამჟამად არიელ ანრი პუერტო რიკოშია და ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.