ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს და 4 000 მსჯავრდებული გაათავისუფლეს
ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს და 4 000 მსჯავრდებული გაათავისუფლეს

ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს და 4 000 მსჯავრდებული გაათავისუფლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პორტოპრენსში განლაგებული ციხის შტურმი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი კენიაში გაემგზავრა, სადაც ჰაიტიში კრიმინალთან საბრძოლველად საერთაშორისო კონტინგენტის განლაგების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. საპასუხოდ ჰაიტიში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ერთ-ერთმა მეთაურმა, მეტსახელად ბარბექიუიმ, პრემიერ-მინისტრს ომი გამოუცხადა.

ციხის შტურმის შემდეგ, ადგილზე მისულმა სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტებმა რამდენიმე გარდაცვლილი პატიმრის ცხედარი ნახეს. „ბიბისის“ ცნობით, მოკლულია, სულ მცირე, 12 ადამიანი. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კრიმინალები ერთდროულად ორ ციხეს დაესხნენ თავს. რამდენი ადამიანია გაქცეული მეორე ციხიდან, უცნობია. ამჟამად ჰაიტიზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

ცნობისთვის, 2021 წელს ივლისში ჰაიტიში პრეზიდენტი მოკლეს, რის შემდეგაც ქვეყანა ქაოსმა მოიცვა. კრიმინალები ამჟამად ჰაიტის დედაქალაქის 80%-ს აკონტროლებენ. 2023 წელს ჰაიტიში 8,5 ათასი ადამიანი მოკლეს.