ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საოკუპაციო ხაზს მოინახულებს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საოკუპაციო ხაზს მოინახულებს

ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დღეს საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. ვეს მიტჩელი სოფელ ოძისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ჩავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და საქართველოს პირველი დიპლომატი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვეს მიტჩელი, საქართველოს მხარდასაჭერად, ნატო-ს მინისტერიალიდან თბილისში ნატო-ს დღეების ფარგლებში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმო, კრემლს რუსული შეიარაღებული ძალების 10 წლის წინანდელ კონფლიქტამდე არსებულ პოზიციაზე გაყვანა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შეწყვეტა მოსთხოვა.

ვეს მიტჩელმა ნატო-ს ფორუმის პარალელურად ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შეგახსენებთ, რომ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ნატო-ს დღეების ფარგლებში წელს მესამედ იმართება. ორდღიანი ფორუმის ბოლო დღეს განხილვის მთავარი თემა პროპაგანდა, დეზინფორმაცია და მათთან ბრძოლის მეთოდები იქნება.