ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს
ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს

ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და TECH Friends of Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმება ონლაინფორმატში მოხდა, რომლის დროსაც მოხსენებები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და 2003–2009 წლებში აშშ-ის სენატორმა მინესოტიდან ​ნორმ კოულმანმა (Norm Coleman). ღონისძიებას უძღვებოდა სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ბერიძე.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს სტარტაპეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები თანხმდებიან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გაუწიონ ორგანიზება სხვადასხვა აქტივობას, რაც ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საჭირო რესურსებსა და ფინანსებზე წვდომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.