ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი - რუსეთის მსგავსად, აშშ ოლიგარქია ხდება
რუსეთის მსგავსად, აშშ ოლიგარქია ხდება, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. სენატორის თქმით, სიმდიდრის უთანასწორობისა და ეკონომიკის მრავალ სექტორში საკუთრების მზარდი კონცენტრაციის გამო, აშშ ოლიგარქიისკენ მიდის.
ინტერვიუს დროს ბერნი სანდერსმა ისაუბრა თავის ახლად გამოცემულ წიგნზე „კარგია, იყო გაბრაზებული კაპიტალიზმზე“, რომელშიც ის ეხმაურება თავის შეშფოთებას ეკონომიკის, პოლიტიკისა და ამერიკულ საზოგადოებაში უთანასწორობის შესახებ.
„გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანაში, აშშ-ში, შემოსავლისა და სიმდიდრის უფრო მეტი უთანასწორობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საშუალო კლასი აგრძელებს შემცირებას, მუშათა კლასის ადამიანები იბრძვიან სუფრაზე საკვების დასადებად, მაგრამ მილიარდერები ფენომენალურად კარგად მუშაობენ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საკუთრების მეტი კონცენტრაცია სექტორის მიხედვით – იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მედია, უოლ სტრიტი, ტრანსპორტი. გარდა ამისა, არის მილიარდერების კლასი ამერიკაში, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი თანხების უზრუნველყოფა ცალკეული კანდიდატებისთვის და დომინირება პოლიტიკურ სისტემაში. ასე რომ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ერი, რომელიც სწრაფად ხდება ოლიგარქია. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე და პუტინის ოლიგარქიაზე. აშშ-იც გვაქვს ოლიგარქია“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.
81 წლის ბერნი სანდერსი 2023 წლის იანვრიდან აშშ-ის კონგრესში სენატის ჯანმრთელობის, განათლების, შრომისა და საპენსიო კომიტეტის თავმჯდომარეა.