ამერიკელი მეცნიერები ბირთვულ სინთეზში მიღწეულ დიდ სამეცნიერო გარღვევას აანონსებენ — #1tvმეცნიერება
ამერიკელი მეცნიერები ბირთვულ სინთეზში მიღწეულ დიდ სამეცნიერო გარღვევას აანონსებენ — #1tvმეცნიერება

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი იუწყება, რომ ამ კვირაში „დიდი სამეცნიერო მიღწევის“ შესახებ გვამცნობს; იქამდე კი მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ფედერალურმა ლაბორატორიამ ბირთვული სინთეზის კვლევაში დიდ საეტაპო ნიშნულს მიაღწია.

რამდენიმე დღის წინ Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალიფორნიაში ლოურენს-ლივერმორის ეროვნულმა ლაბორატორიამ (LLNL) სინთეზის ექსპერიმენტულ რეაქტორში „სუფთა ენერგიის მიღებას“ მიაღწია.

ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მკვლევრებმა სინთეზურ რეაქციაში, რომელიც ზუსტად იმავე ტიპისაა, რაც მზეს ენერგიას აძლევს, იმაზე მეტი ენერგია აწარმოეს, ვიდრე პროცესის დროს მოიხმარეს; შესაბამისად, ეს გახლავთ პოტენციურად დიდი ნაბიჯი ნულოვანი ნახშირბადის ენერგიისაკენ სვლაში.

ენერგეტიკის დეპარტამენტი და LLNL ამ საკითხზე კომენტარზე ჯერ უარს აცხადებს, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი ჯენიფერ გრანჰოლმი მალე „დიდი სამეცნიერო მიღწევის შესახებ“ გვამცნობს.

Financial Times-ის ცნობით, გასული ორი კვირის განმავლობაში, სინთეზურმა რეაქციამ 120 პროცენტი სუფთა ენერგია გამოიმუშავა; გამოცემა სამ ადამიანს ეყრდნობა, რომლებსაც შედეგებზე წვდომა აქვთ.

მოგვიანებით, Washington Post-მა გაავრცელა ცნობა, რომ კვლევაში მონაწილე ორი ადამიანი ამ მიღწევას ადასტურებს.

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ბირთვული სინთეზი მომავლის ენერგიაა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოვებს ძალიან მცირე ოდენობით ნარჩენს და არ გამოყოფს სათბურის აირებს.

ბირთვული სინთეზი განსხვავდება ბირთვული გახლეჩისგან, მეთოდისგან, რომელსაც ამჟამად იყენებენ ატომურ ელექტროსადგურებში; ერთი ატომის გახლეჩის ნაცვლად, სინთეზში ერთმანეთს ორი ატომი ერწყმის.

ლაბორატორია LLNL-ის სინთეზის ობიექტი მოიცავს ჯამში სამი საფეხბურთო მოედნის ზომის 200 ლაზერს, რომლებიც ერთი პატარა ადგილის მაღალი დონის ენერგიით ბომბარდირებას ახდენენ, რათა გამოიწვიონ სინთეზის რეაქცია.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.