American Interest - რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინის გარდა, სხვა მეზობლების წინააღმდეგაც გამოიყენოს ძალა
American Interest - რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინის გარდა, სხვა მეზობლების წინააღმდეგაც გამოიყენოს ძალა

რუსეთმა შესაძლოა, სხვა მეზობლების წინააღმდეგაც გამოიყენოს ძალა, ამის შესახებ  ნათქვამია American Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში,  რომელშიც საქართველოსა და უკრაინის გარდა, საუბარია რუსეთის დამოკიდებულებაზე სხვა მეზობლების მიმართ.

სტატიის ავტორები არიან დენის კორბოი, King’s College London-ის მიწვეული უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოსა და სომხეთში; ვილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში, RAND Corporation-ის მეცნიერ-თანამშრომელი; კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ბელორუსსა და საქართველოში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისა და ვუდრო ვილსონის ცენტრის თანამშრომელი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვი მცირე ძალისხმევას იჩენს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების კუთხით და კონფლიქტის მხარეებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეიარაღებას აძლევს.

სტატიაში მოლდოვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ გაეროს მოწოდებების მიუხედავად, რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარები არ გაჰყავს.

გამოცემა ცალკე ამახვილებს ყურადღებას რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობებზე  და აღნიშნავს, რომ ძლიერი სამხედრო კავშირის მიუხედავად, მოსკოვსა და მინსკს ვაჭრობისა და სასაზღვრო საკითხებში უთანხმოება აქვთ.

„ალექსანდრ ლუკაშენკომ ბიძგი მისცა ბელარუსის ნაციონალიზმს და ევროპასთან და აშშ-სთან კავშირების გაუმჯობესება სურს. თუ ლუკაშენკო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას განაგრძობს, მოსკოვმა ბელარუსში შესაძლოა, ხელისუფლების ცვლილება მოინდომოს. მეზობლებს არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ზეწოლა აშფოთებთ, არამედ რისკებიც, რაც შესაძლოა, ხელისუფლების შეცვლის მიზეზი გახდეს“, – წერენ სტატიის ავტორები.

American Interest-ი ხაზს უსვამს სომხეთში განხორციელებულ სახელისუფლებო ცვლილებებს და ახალი პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტს. გამოცემა წერს, რომ პუტინმა ფაშინიანს „წარმატება“ უსურვა იმის მიუხედავად, რომ სომხეთის ამბები დაკავშირებული იყო იმ სახის ამბოხთან, რასაც პუტინი საქართველოსა და უკრაინაში შეეწინააღმდეგა. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ „მძიმე ხელის“ პრაქტიკას შესაძლოა, სიფრთხილით მოეკიდოს იმის შიშით, რომ ამან შესაძლოა, სომხური პოლიტიკის დასავლეთისკენ გადახრა გამოიწვიოს, როგორც ეს მოხდა საქართველოსა და უკრაინაში. რატომ უნდა მიაქციოს ყურადღება აშშ-მა რუსეთის დამოკიდებულებას მეზობლების მიმართ? – სვამენ კითხვას სტატიის ავტორები და პასუხად წერენ, რომ ევროპის უსაფრთხოება აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებშია. მთავარ პრობლემად ამ მიმართულებით დასახულია რუსეთისგან მომავალი საფრთხე, რომ მან შესაძლოა, ძალა საქართველოსა და უკრაინის გარდა, სხვა მეზობლების წინააღმდეგაც გამოიყენოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სავაჭრო პოზიცია შესაძლოა, გააძლიეროს ნატო-ს სამიტზე მოკავშირეებთან კავშირების გაძლიერებით, სადაც პუტინთან მისი სტრატეგია მხარდაჭერას მიიღებს.

„სტრატეგიის ცენტრში უნდა იყოს აშშ-ის წინააღმდეგობა რუსეთის გავლენის სფეროების პოლიტიკაზე, რაც მეზობლებზე დომინირებას ნიშნავს. ასევე, მათ შორის ნებაყოფლობითი, პრაგმატული კავშირების მხარდაჭერა. ტრამპმა შესაძლოა, სცადოს რუსეთთან მიმართებაში საკუთარი პოლიტიკის დაახლოება კონგრესის ორპარტიულ კონსენსუსთან. თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინასთან მიმართებაში, რაზეც კონგრესს და აშშ-ის მოკავშირეებს მტკიცე პოზიცია აქვთ“, – წერენ ავტორები.

სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ მსგავსი მიდგომა ტრამპს ხელს შეუწყობდა, შთაბეჭდილება მოეხდინა პუტინზე, რომ დასავლეთი დაუპირისპირდება ევროპის უსაფრთხოების ძირგამომთხრელ ქმედებებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი კვლავ მზადაა იმუშაოს რუსეთთან ორმხრივი ინტერესების საკითხებზე, როგორიცაა ბირთვული საფრთხის შემცირება, არქტიკის მართვა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მხარდაჭერა.