ამბროლაურში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ამბროლაურში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივი მკვიდრი მის მიერვე უკანონოდ მოპოვებული ცხრა კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდა.

კანონდარღვევა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოავლინეს. ამბროლაურის პოლიციის სამმართველოს მიერ მაღალი გამავლობის ავტომანქანა დალუქულია და გადაყვანილია ამბროლაურის საქმიან ეზოში. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

„სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ნებისმიერ კანონდარღვევაზე მკაცრი სანქციები ტარდება“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.