ამაზონის ჯუნგლებში აქამდე უცნობი მილიონიანი საზოგადოების კვალი აღმოაჩინეს
ამაზონის ჯუნგლებში აქამდე უცნობი მილიონიანი საზოგადოების კვალი აღმოაჩინეს

ამაზონის ტროპიკული ტყეები უბრალოდ ბუნების სასწაული როდია. ამავე დროს, ეს გახლავთ იდუმალებისა და მითების დიდებული სამეფო, რომელიც უძველეს საზოგადოებათა მდიდარ ისტორიას მალავს. თუმცა, ეს ძვირფასი ეკოსისტემა ახლა თითქმის განადგურების პირას არის მისული ადამიანთა სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად.

მიუხედავად ამისა, ეს მდიდარი ისტორია კიდევ უფრო შორს მიდის.

ახალი კვლევის მიხედვით, ამაზონის ერთ-ერთი შეუსწავლელი ნაწილი, რომელიც მიაჩნდათ, რომ ამერიკაში კოლუმბის მისვლამდეც დაუსახლებელი იყო, სინამდვილეში მილიონზე მეტი ადამიანის სამშობლო უნდა ყოფილიყო. ისინი დასახლებული უნდა ყოფილიყვნენ ტროპიკული ტყის სამხრეთ ნაწილში, 1800 კმ-ზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე.


ეს ჰიპოთეზა ექსტერის უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფს ეკუთვნის. ბრაზილიის ზემო ტაპაჟოსის აუზის თანამგზავრული სურათების კვლევისას, მკვლევრებმა 81 ახალი არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს, რომლებიც საერთო ჯამში მოიცავს მიწაზე შესრულებულ 104 სტრუქტურას — ნიადაგის ინჟინერიის ისტორიულ მტკიცებულებებს ამაზონის სამხრეთ ლანდშაფტში.


მიწაზე ამოკვეთილი ამ სახის სტრუქტურები, რომლებიც ხანდახან გეოგლიფების ფორმას იღებს, ამაზონის აუზში ადრეც აღმოუჩენიათ. ისინი ადამიანთა საქმიანობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებებია.

ახალი კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა მიაგნო რამდენიმე ფორტიფიცირებული სოფლის ნაშთებს, რომლებიც ახ. წ. 1250‒1500 წლებით თარიღდება. უშუალოდ მათი კვლევისას აღმოაჩინეს კერამიკა, გახეხილი ქვის ნაჯახები, ანთროპოგენული მუქი ქანები (განოყიერებული მიწა) და ნაგავსაყრელები.

ჯგუფმა აღმოაჩინა როგორც პატარა, დაახლოებით 30 მეტრი დიამეტრის მქონე ძეგლები, ისე გაცილებით დიდი, ფოტიფიცირებული სტრუქტურები, რომლებიც შედგება ერთმანეთთან მოედნებითა და ჩაძირული გზებით დაკავშირებული მრავალი მიწაყრილისაგან.


ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ კოლუმბამდელი სამხრეთ ამერიკის ცივილიზაციების მკვლევრებს ტაპაჟოსის აუზი დიდი ხნის განმავლობაში დაუსახლებლად მიაჩნდათ.

ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ამაზონის აუზის მოსახლეობა ყოველთვის თავს იყრიდა რესურსებით მდიდარ მიწებზე, მდინარეთა სანაპიროებზე.

„მცდარია გავრცელებული რწმენა, რომ ამაზონის აუზი ხელუხლებელი ლანდშაფტია, სადაც აქა-იქ გაფანტულად სახლობდნენ მომთაბარე საზოგადოებები. ჩვენ დავადგინეთ, რომ მთავარი მდინარეებისგან მოშორებით მცხოვრები ზოგიერთი საზოგადოება იმაზე გაცილებით დიდი ყოფილა, ვიდრე აქამდე გვეგონა და რა თქმა უნდა, მათ გავლენა ჰქონიათ გარემოზე, რაც დღემდე შესამჩნევია“, — ამბობს ჯგუფის წევრი არქეოლოგი ჟონას გრეგორიუ დი სოუზა.

ყველაზე უფრო შთამბეჭდავი კი ამ უცნობი საზოგადოების მასშტაბია.


მიწაზე ამოკვეთილ სტრუქტურათა გადანაწილებასა და ზომაზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ამაზონის ამ ნაწილის მოსახლეობა 500 000-დან მილიონამდე უნდა ყოფილიყო.

ისინი გავრცელებული ყოფილან ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, დაახლოებით 400 000 კვადრატულ კილომეტრზე, 1500 სხვადასხვა ზონაში.

კვლევა ჯერ დასრულებული არაა, მაგრამ თუ აღმოჩენა დადასტურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ კოლუმბამდელი ამაზონის მოსახლეობა იმაზე გაცილებით დიდი, მდიდარი და კულტურულად მრავალფეროვანი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით