„ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კუთვნილმა კერძო კოსმოსურმა კომპანია „ბლუ ორიჯინმა“ მთვარეზე დაჯდომის გეგმა წარმოადგინა.
ბეზოსმა საზოგადოებას წარუდგინა ახალი დიზაინის ხომალდი „ბლუ მუნი“, რომელსაც მთვარეზე 5,9 ტონა ტვირთის წაღება შეუძლია. ბეზოსის განცხადებით, „ბლუ ორიჯინის“ გუნდი დიზაინზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
„ძალიან ფუნდამენტური, გრძელვადიანი პრობლემა გახლავთ ის, რომ დედამიწაზე ენერგია ამოიწურება. ეს უბრალო არითმეტიკაა. აუცილებლად მოხდება“, — განაცხადა ბეზოსმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალია ენერგიის წყაროების ძიება მთელი მზის სისტემის მასშტაბით.
ხომალდს მთვარეზე „ბლუ ორიჯინის“ რაკეტა „ნიუ გლენი“ წაიღებს, რომლის ტესტირებაც ამ ზაფხულს მოხდება.
ბეზოსმა ასევე დაადასტურა, რომ ხომალდ „ბლუ მუნის“ მოდიფიცირებულ ვერსიას საკმარისი სიმძლავრე ექნება, რათა მთვარეზე ასტრონავტებისთვის წაიღოს სპეციალური ჰერმეტული სატრანსპორტო საშუალება.
როგორც „ბლუ ორიჯინის“ ვებგვერდზე წერია, ხომალდს შეეძლება ზუსტი და უსაფრთხო დაჯდომა მთვარეზე, რათა ხელი შეუწყოს იქ ადამიანთა ყოფნას.
ცნობილია, რომ ნასა მთვარეზე ადამიანთა გაგზავნას 2024 წლისთვის აპირებს. „ბლუ ორიჯინი“ აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს ამისათვის მისი ხომალდის გამოყენებას სთავაზობს.