ამ გიგანტურ ნიანგს ბანანის ზომის კბილები ჰქონდა და დინოზავრებზე ნადირობდა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ამ გიგანტურ ნიანგს ბანანის ზომის კბილები ჰქონდა და დინოზავრებზე ნადირობდა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

უხსოვარ დროში, ცარცული პერიოდის მიწურულს, ჩრდილოეთ ამერიკას ორად ყოფდა გიგანტური შიდა ზღვა. დინოზავრების ზეობა დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ უხვად იყვნენ ამ ცხელ, ნესტიან ადგილას. თუმცა, მათ ყოველ ნაბიჯზე მაინც დაკვირვება მართებდათ, განსაკუთრებით კი წყლის ნაპირებთან.

თავთხელ წყლებში დეინოზუხი (Deinosuchus) იმალებოდა — „ტერორის ნიანგი“. ეს გიგანტური, ამჟამად გადაშენებული ნიანგისებრი უდიდესი ხორცისმჭამელი იყო თავის წყალხმელეთა გარემოში — მაღალი მტაცებელი, რომელიც დინოზავრებზეც კი ნადირობდა, თუ ისინი მას ზედმეტად მიუახლოვდებოდნენ.

დეინოზუხის ნამარხები პირველად აშშ-ში 1850-იან წლებში აღმოაჩინეს და მას შემდეგ საკმაოდ კარგადაც არის შესწავლილი, მაგრამ მის გვარში სახეობათა კლასიფიკაცია დიდი ხანია მეცნიერებს შორის დავის საგანია.

ახალ კვლევაში, აიოვის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ხელახლა შეისწავლეს უკვე არსებული ნამარხები და ანალიზები ჩაუტარეს ახლად აღმოჩენილ ნამარხებსაც.

როგორც მათი ხელახალი ფილოგენეტიკური შეფასება მიუთითებს, ნამარხებში შეიძლება გამოვარჩიოთ სამი სხვადასხვა სახეობის დეინოზუხი — D. riograndensis-ი, D. hatcheri და ახლად იდენტიფიცირებული სახეობა D. schwimmeri.

„დეინოზუხი იმდენად დიდი იყო, რომ ტერორში უნდა ჰყოლოდა წყლის დასალევად ნაპირთან მისული დინოზავრები. ამ დრომდე უცნობი ამ ცხოველის სრული სახე. ჩვენ მიერ შესწავლილი ეს ახალი ეგზემპლარი წარმოადგენს უცნაურ, მონსტრ მტაცებელს, რომელსაც ბანანის ზომის კბილები ჰქონდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნიუ-იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პალეონტოლოგი ადამ კოსეტი.

მიუხედავად იმისა, რომ დეინოზუხის ჩვენთვის ცნობილი უძველესი ეგზემპლარი დაახლოებით 82 მილიონი წლის წინანდელია, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ყველა სხვადასხვა სახეობის საერთო წინაპარ პოპულაციას ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა ეარსება ზღვის დონის აწევამდე და დასავლეთის შიდა ვიწრო ზღვის გაჩენამდე, რომელმაც კონტინენტი ორად გაყო.

მკვლევართა ვარაუდით, როდესაც ეს მოხდა, დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროების სხვადასხვა გარემომ განაპირობა ევოლუციური ადაპტაციები, რამაც გამოიწვია D. riograndensis-ის, D. hatcheri-ისა და D. schwimmeri-ს ოდნავ განსხვავებულ მორფოლოგია და სხეულის ზომები.

„ნამდვილად უცნაური ცხოველი იყო. გვიჩვენებს, რომ ნიანგისებრნი სულაც არ არიან „ცოცხალი ნამარხები“, რომლებიც თითქოს დინოზავრების ხანის შემდეგ არ შეცვლილან. ევოლუცია მათაც ისევე დრამატულად შეეხო, როგორც სხვა ნებისმიერ ჯგუფს“, — ამბობს პალეონტოლოგი კრისტოფერ ბროჩუ.

როგორც ნამარხებიდან ირკვევა, D. riograndensis-ი და D. hatcheri დინოზავრებზე ნადირობის დღეებს ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში ატარებდნენ, თანამედროვე მონტანადან სამხრეთით, ნიუ-მექსიკომდე. რაც შეეხება D. schwimmeri-ს, ის ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ ბინადრობდა, ნიუ-ჯერსისა და მისისიპის შორის.

მიუხედავად სანაპიროსთან კავშირისა, ეს გიგანტური არსებები სიგრძეში 10 მეტრამდე იყვნენ და წარმოადგენდნენ ყველა დროის უმსხვილეს და მრისხანე ნიანგისნაირებს; შეხედულებით ჰგავდნენ თანამედროვე ალიგატორებსა და ნიანგებს.

„იმ დროისათვის, როცა ის აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობდა, მასზე დიდი იქ არც ერთი არსება არ იყო“, — ამბობს კოლუმბუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგი დევიდ შვიმერი.

შვიმერი ახალ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, მაგრამ ამ დარგში გაწეული ღვაწლისთვის, სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა ერთ-ერთ სახეობას, D. schwimmeri-ს ეს სახელი.

მისივე თქმით, დინოზავრების ნამარხ ძვლებს ემჩნევა ამ არსებათა ნაკბენებიც. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: ისინი საპროფაგები (ლეშიჭამიები) იყვნენ თუ მტაცებლები?

„ჩემი აზრით, მტაცებლები… ეს არსება საკმარისად დიდი იყო იმისათვის, რათა დინოზავრთა უმეტესობა დაეჯაბნა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ მიერ აღმოჩენილ ნაკბენთა უმეტესობა დინოზავრების ფეხებზე ან კუდის ძვლებზეა. თუ დინოზავრზე ნადირობ, ეს სწორედ ის ადგილებია, რომლითაც ის შეიძლება შეიპყრო“, — ამბობს შვიმერი.

კვლევა Journal of Vertebrate Paleontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ledger-enquirer.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.