ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმის შეჩერაბაზე პუტინის განკარგულება ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ მისი აღება
ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმის შეჩერაბაზე პუტინის განკარგულება ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ მისი აღება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულება, შეაჩეროს მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმი, ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ „აზოვსტალის“ აღება.

აღნიშნულის შესახებ არესტოვიჩმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს შოიგუმ და პუტინმა შეხვედრა გამართეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ მარიუპოლი აიღეს და რომ ისინი არ განახორციელებენ „აზოვსტალის“ შტურმს, რადგან არ სურთ, რუსეთის ჯარს დანაკარგი მიაყენონ. ეს ნიშნავს შემდეგს – მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ „აზოვსტალის“ აღება. მათ ეს გააცნობიერეს. მათ იქ უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს, ხოლო ჩვენი დამცველები განაგრძობენ მის დაკავებას. ამასთან, შტურმზე უარი შეიძლება, განიმარტოს იმით, რომ მათ გადაისროლეს თავიანთი ძალები ჩრდილოეთით, რათა გააძლიერონ თავიანთი დანაყოფები, რომლებმაც უნდა შეასრულონ მთავარი პოლიტიკური ამოცანა – დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. ვაცხადებ, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა, პუტინმა კი „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.