ალექსანდრე წივწივაძე - ოლიმპიური ჩემპიონობა ოცნება არ არის, ჩემი მიზანია [ვიდეო] #1TVSPORT

17 წლის ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე უკვე 18-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. რუსთაველი სპორტსმენი, რომელიც ბოლო ორი წელია მუდმივად შეჯიბრებებზეა და უმეტეს მათგანს გამარჯვებით ასრულებს. ამჯერად, მშობლიურ ქალაქშია და პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ტიტულოვანმა ნიჩბოსანმა კარიერის განმავლობაში შექმნილ პრობლემებზე, ოლიმპიურ მიზანსა და მსოფლიო რეკორდის დამყარებაზე რუბრიკაში „დაიმახსოვრეთ“ ისაუბრა:

– „ბაბუაჩემი ალექსანდრე წივწივაძეც და მამაჩემიც ნიჩბოსნები იყვნენ და ამ სპორტს საგვარეულო სპორტის სახე მიეცა. სპორტზე ბაბუამ შემიყვანა, მამაჩემმა მწვრთნელობა გამიწია და ასე ვთქვათ, ოჯახის საქმედ ვიქეცი. ვარჯიშებზე მანამდეც ხშირად დავდიოდი ხოლმე. უბრალოდ ვარჯიშებზე გამოვყვებოდი ხოლმე მამას, ვხედავდი ბიჭები როგორ ვარჯიშოდნენ და მეც დავინტერესდი.

– ამ სპორტზე 10 წლის შევედი. საშინელი პირობები იყო, არც ნავები, არც ინვენტარი, ბაზა მით უმეტეს არ იყო. ჩვენ სპორტს ძალიან სჭირდება გათბობა, იმიტომ, რომ წყალთან არის დაკავშირებული და დიდი შანსია ბავშვი გაცივდეს. ასე რომ, შესაბამისი პირობები, რა თქმა, უნდა საჭიროა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება, რომ გვქონოდა გათბობა, წყალი… მოკლედ, რთული პერიოდი იყო. ვარჯიშით ყველა ვარიანტში ვვარჯიშობთ, ამინდის მიუხედავად, ზამთარშიც. უბრალოდ, ბაზის არქონის მინუსი ის არის, რომ ბავშვი თუ გადავარდა და დიდი შანსია ნიჩბოსანი წყალში გადავარდეს, უნდა ამოვიდეს, გამოიცვალოს, გათბეს და ეს ყველაფერი, რომ არ არის უფრო საშიში ხდება ეს სპორტი და არასასურველი სხვა ბავშვებისთვისაც.

– ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ უკეთესობაა. რაც მე წარმატებების მიღწევა დავიწყე, ხალხმა უკვე ყურადღება მოგვაქცია.  ერთ-ერთმა ორგანიზაციამ დაგვაფინანსა და ბაზის შენება დაიწყო. უკვე დასასრულს მიუახლოვდა თითქმის, ერთი თვე დარჩა და ჩვენც გადავალთ.  რუსთავში სპორტის ეს სახეობა შედარებით წინ წავიდა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან გასახარი ინფორმაციაა.

– პირველად, თუ არ ვცდები ფოთში, საქართველოს ჩემპიონატი იყო, კარგად არ მახსოვს. 500-მეტრიან დისტანციაზე სამი წლით უფროს ასაკში გავიმარჯვე და იქ უკვე თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ამ სპორტში უნდა დავრჩენილიყავი. პირველი გამარჯვება განსხვავებული ემოციები იყო. დიდ ასაკში მოვიგე და ორჯერ მეტი ემოცია მომაწვა გამარჯვებისას. რა თქმა უნდა, გაკვირვებული და გაოცებულიც ვიყავი. ასე ვთქვათ, უფრო მეტი ემოციები და სიხარული მივიღე ვიდრე შეიძლება საკუთარ ასაკში მოგებისას მიმეღო.

– ნაკრებში ორი წლის წინ ამიყვანეს. ევროპის ჩემპიონატზე გავედი. 15 წლის ვიყავი მაშინ და მონაწილეობა 18-წლამდელებში – 1000-მეტრიან დისტანციაზე მივიღე. მეხუთე ადგილი დავიკავე და პირველმა ადგილმა სულ რაღაც ორწამიანი სხვაობით მომიგო. მაშინ ამიყვანეს ნაკრებში და ასე ვთქვათ, ოფიციალურად მიმიღეს.

– „ოლიმპიურ იმედებზე“ ვიყავი, ერთ-ერთი სერიოზული შეჯიბრი არის 15-17 წლის ასაკისთვის, ჩათვალეთ მსოფლიოს ჩემპიონატია პატარა ასაკში.  ნავის ქირაობა ყველა ვარიანტში გიწევს, იმიტომ, რომ ჯერ ის დონე არ ვართ ნავები გადავაფრინოთ და ჩვენი ნავებით გამოვიდეთ. უფრო რთულად გვაქვს საქმე. მაშინ უბრალოდ ის იყო ცუდი, რომ ნაქირავები ნავი სხვა ზომა ჩამოვიდა, არა და ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ 70 კლ. ვიყავი  და ნავი ჩამოვიდა 100 კილოგრამიანი ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, უფრო რთული გასაწევი და მოსასმელი იყო ვიდრე საკუთარ ნავზე. ასეთი მიზეზები გვაქვს ხშირად. სამწუხაროდ, არ ვართ ჯერ იმ დონეზე განვითარებულები, რომ ასეთი რამეები არ შეგვემთხვეს.

– „ოლიმპიური იმედები“ არის ევროპამდე და მსოფლიომდე მისასვლელი გზა. ეჩვევი შენს მოწინააღმდეგეებს.  15, 16 და 17 წლისა თითო წლით მიდიხარ წინ და უკვე იცი ვინ გიდგას წინ და თუ აქ იმარჯვებ,  დიდი შანსია, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. იგივე ხალხი გამოდის იქაც, უბრალოდ ნელ-ნელა მიდიხარ იმ შეჯიბრამდე.

– ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში ჩატარდა. 18-წლამდელები და 23- წლამდელები იყვნენ. ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა, იმიტომ, რომ უკვე დიდი ტიტულია. ჯერჯერობით ისეთ ასაკში ვარ, რომ შეჯიბრზე რაც არის, ყველა დისტანციაზე ვიღებ მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატზე მარტო 1000 და 200-მეტრიანებზე იყო. რა თქმა უნდა, ორივეზე გავედი. 1000-მეტრიანზე ოქროს მედალი ავიღე და ევროპის  ჩემპიონი გავხდი.  200 მეტრზე, სამწუხაროდ, ბრინჯაო ავიღე. იქაც ახლოს ვიყავი ოქროსთან, მაგრამ 200 მეტრიანი ისეთი დისტანციაა, რომ უფრო იღბალზეა დამოკიდებული, ვიდრე შრომასა და ძალაზე.

– ისე გამომივიდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი წლით ადრე მივედი. მე 17 წლის ვარ და  18-წლამდელებში ტარდებოდა. „ოლიმპიურ იმედებზეც“ ერთი წლით უფროს ასაკში იყვნენ. უბრალოდ, მათი დროები ვიცოდი და ვიცოდი, რომ ჩემთან ძალიან ახლოს იყვნენ. თუ ჩემი დრო 1000 მეტრზე 4:03 იყო, მათი იყო 4:02 ან 4:03,  სრულიად იდენტური . ამიტომ არც მეგონა, რომ მოვიგებდი და არც ის, რომ წავაგებდი. მივდიოდი იმისთვის, რომ ჩემი მაქსიმალური დამედო და რაც მოხდებოდა, უკვე იქ გავიგებდი. რამის იმედი წინასწარ არ მქონია.

– აქედან ორ თვეში, პორტუგალიაში მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. ევროპის ჩემპიონის ტიტულით როცა ჩადიხარ, ბევრად დიდ ყურადღებას გაქცევენ, ბევრად ეშინიათ მოწინააღმდეგეებს შენი, იმიტომ, რომ უკვე დიდი ტიტული გაქვს მოპოვებული და დიდი შანსია იგივე  რამ ჩაიდინო და ისევ გაიმარჯვო. მე ამ შეჯიბრზე ჩასვლისას თავიდან მქონდა იმედები, მაგრამ შემდეგ, რომ ჩავედი სამწუხაროდ მოვიწამლე. საწოლიდან ვეღარ ვდგებოდი და მოგების იმედი საერთოდ აღარ მქონია. უბრალოდ მინდოდა, რომ გავსულიყავი და ყველაფერი მალე მორჩენილიყო. ასე რომ, იქ ოქროს კი არა, მედლის იმედიც აღარ მქონდა დარჩენილი, მაგრამ სასწაული მოხდა და შევძელი, მაინც გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი.

– 23-წლამდელები და აბსოლუტური ასაკი ყოველთვის და ახლაც 1000-მეტრიან და 200-მეტრიან დისტანციებზე შედარებით წინ არიან, ამას ვაღიარებ. ისე  წინ არიან, რომ აშკარად მიგებენ, მაგრამ 500-მეტრიან დისტანციაზე უფრო განსხვავებული სტილის სპორტსმენი ვარ. ამ დისტანციას უფრო კარგად გავდივარ ვიდრე დანარჩენს და შესაბამისად, 23-წლამდელებთან ძალიან ახლოს ვარ. რომ გავიდე, შეიძლება მოვიგო კიდეც. არასტაბილური ვარ. შეიძლება 01:48 -ში გავიარო 500 მეტრი, შეიძლება 01:52-ში, მაგრამ დიდი შანსია, რომ 23-წლამდელებში მოვიგო და აბსოლუტურში, როგორც ღირსეული მოწინააღმდეგე ისე დავდგე. მოკლედ რომ ვთქვათ, 500-მეტრიან დისტანციაზე სუსტი სპორტსმენი არ ვარ.

– მე ამას შეჯიბრებებიდან გამოდინარე ვლაპარაკობ და არა ჩემი შეხედულებებით. იმიტომ, რომ ვიდექი მსოფლიოს თასზე აბსოლუტურ ასაკში. მით უმეტეს მაშინ 16 წლის ვიყავი და შედარებით სუსტიც, ვიდრე ახლა ვარ. შესარჩევში მეორეზე გავედი და ნახევარფინალში გადავედი. იქ პირველ ადგილზე გავედი. ეს უკვე ისეთი შედეგია, მით უმეტეს შედარებით პატარა ასაკისთვის და მათთან ხომ საერთოდ პატარა ვიყავი – 6-იდან 10 წლამდეა სხვაობა ასაკში. ძალიან გასახარი და გასაკვირი ფაქტი იყო ყველასთვის. ფინალში მეშვიდეზე გავედი. ფინიშზე ყველანი ვიყავით ცხვირში, პირველმა ადგილმა მოიგო ერთი წამი და დანარჩენი, მეორედან მეშვიდე ადგილამდე შევედით მეასედებით. უბრალოდ, აქ უკვე იღბალმა არ გამიმართლა და გამოცდილებამ ასე ვთქვათ.

– 500 და 200-მეტრიანზე ნაკლებად, მაგრამ 1000-მეტრიან დისტანციაზე ტაქტიკა უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, თავიდან რომ მთელი ძალა დახარჯო, დანარჩენი 800 მეტრი მერე რა უნდა აკეთო. შეიძლება საერთოდ ვეღარ გაძლო. ამიტომ, უნდა გქონდეს სტრატეგია. ზოგი სპორტსმენი იწყებს მაგალითად ისე, რომ დიდი სტარტი აქვს, შუაში ნაკლებად ხარჯავს ძალას და ფინიშზე ამატებს. ზოგი პირიქით, მაგრამ მე მაქვს ცოტა სხვანაირი სტრატეგია, ყველასგან განსხვავებული. ჩემი სტრატეგია არის დაფუძნებული უბრალოდ შენარჩუნებაზე. ეს არის ჩემი და მამაჩემის მოფიქრებული სტრატეგია – არც სტარტს ვიღებ, არც შუას ვაკეთებ, და არც ფინიშს, ანუ როგორც ვიწყებ ისე ვამთავრებ ზუსტად. ეს მოწინააღმდეგისთვის დიდი დარტყმა, იმიტომ, რომ გვერდზე როცა ადამიანი მოგყვება, მოგყვება, მოგყვება… სხვისი ფსიქოლოგია ვეღარ ძლებს.  ამდენი ხანი გვერდზე ნავი ჰყავს, ხედავს და ნებდებიან. ამიტომ, ჩემი სტრატეგია ეს არის – როგორი სტარტიც მაქვს, ისეთი ფინიში მქონდეს, ტემპს არ ვცვლი.

– ნიჩბებიც განსხვავებულია, ზომები, სიგანე ზოგს დიდი აქვს, ზოგს პატარა, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მნიშვნელოვანია ტექნიკა – როგორ წევ ნიჩაბს და როგორ გრძნობ წყალს. ცოტა რთულია აგიხსნათ წყლის გრძნობით როგორ იგებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ წყალს ვერ გრძნობ და გაქვს ძალა და ტექნიკა, წყლის გრძნობის გარეშე მაინც ვერ მოიგებ. ეს წყლის შეგრძნება მოიპოვება დიდ ხნიანი ვარჯიშით წყალზე. ასეთი გამოთქმაა, რომ ნიჩბოსანი წყალზე იზრდებაო და სწორიც არის. ზამთარში, ხშირად სამი და ოთხი საათიც ვყოფილვარ წყალზე და ამ დროს ზუსტად ხვდები, როგორ უნდა მოუსვა ისე, რომ დახარჯო ნაკლები ძალა და ნავი უფრო სწრაფად წავიდეს – დაიღალო ნაკლებად და უფრო სწრაფად იარო.

– შრომა მჭირდება, მონდომება უფრო, მაგრამ, რომ ვთქვა შრომას და მონდომებას ვაკლებ-თქო, მოვიტყუები. რეალურად რასაც ვაკეთებ, მართლა მაქსიმალურია. ამაზე მეტი რომ გავაკეთო, უკვე გადავიწვები. მთავარია, ისევ ისე გავაგრძელო ვარჯიშები, როგორც აქამდე ვვარჯიშობდი. უბრალოდ, დრო სჭირდება ყველაფერს და გამოცდილება. დანარჩენს უკვე ვნახავთ რა და როგორ მოხდება.

– ოცნება არ არის, ვიტყვი რომ მიზანი მაქვს ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე.  რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენის მიზანი ეს არის, აბა სხვა საერთოდ რისთვის უნდა იბრძოლო თუ არა ოლიმპიური ჩემპიონობისთვის? ოცნება კი ის არის ალბათ, რომ მინდა 500-მეტრიან დისტანციაზე რეკორდი მოვხსნა და ყველა დროის, ყველაზე სწრაფი ნიჩბოსანი მე ვიყო. რატომღაც ეს 500 მეტრი მაქვს ახირება. ჩემი რეკორდი არის 01:49, „ოლიმპიურ იმედებზე“ დავამყარე და მსოფლიოს რეკორდი 01:44-ია, ხუთი წამი მაშიორებს. ბევრი არ არის, მაგრამ რთულია.

– ორ წელიწადში ჩატარდება სალიცენზიო შეჯიბრი.  ზუსტად არ ვიცი, რამდენი ლიცენზია გათამაშდება. ჩვენთან ოლიმპიური დისტანცია არის 1000 მეტრი, და ვნახოთ, რა იქნება. აუცილებლად  ვიბრძოლებ და გავალ ყველა შეჯიბრზე, სადაც ლიცენზია გათამაშდება. უნდა ვცადო, ავიღო და მერე ოლიმპიადაზე რა იქნება, არ ვიცი.

– ცოტა გასნხვავებული დასვენების სტილი მაქვს. არ მიყვარს ერთ ადგილას ყოფნა. არ ვისვენებ ხოლმე ერთ ადგილას არასდროს. სულ აქტიურად ვარ. ან რაღაცას ვთამაშობ, ან სადმე ვარ მეგობრებთან, ან მანქანით ვსეირნობ. ამ ბოლო დროს სისტემატიური სახე მივეცი ბილიარდის თამაშს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომწონს. ასე ვთქვათ, დიდი „მუღამი“ დავუჭირე.

– „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ მაქვს ჩვეულებრივად. „ტიკტოკერი“ ვარ-თქო ჩემ თავს ვერ დავუძახებ, მაგრამ უბრალოდ ხანდახან ისეთი დღეები მაქვს, რომ…  აი, ახლა ვიყავი მაგალითად დანიაში წასული და ერთი კვირა ოთახში ვიყავი გამოკეტილი, ვერ გავდიოდი ვერსად და დრო როცა გინდა გაიყვანო, ყველაფერს აკეთებ. ვერთობი მოკლედ. ბევრი გამომწერი არ მყავს, დაახლოებით 5 000-მდე.

– სპორტის ყურება არ მიყვარს. ნიჩბოსნობასაც არ ვუყურებ, მაგრამ მომწონს თუ მე ვარ ჩართული. ფრენბურთი მომწონს ძალიან, ვგიჟდები ფრენბურთზე, მაგიდის ჩოგბურთი… ყველა სპორტი ძალიან მომწონს და როცა დრო გამომიჩნდება ხოლმე, ყველაფრით დაკავებული ვარ.

– რუსთავის ქებას ვერ დავიწყებ, მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, იდეალური სამეგობრო მყავს, ცოტა გადარეულებიც, მაგრამ ეგ კარგია. რუსთავს რაც შეეხება – არ არის ახალგაზრდული ქალაქი. სკვერები კი არის, მაგრამ  უფრო ახალგაზრდულ სტილს შემოვიტანდი დიდი სიამოვნებით, ან კლუბები, ან ბარები, ან რაიმე მსგავსი… ეს აკლია რუსთავს, მაგრამ ახლო მომავლში იმედია იქნება“.