ანზორ მექვაბიშვილი - საბერძნეთს ბევრი მოთამაშე ჰყავს პრემიერლიგაში, მაგრამ საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია კარგად თამაში #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილი - საბერძნეთს ბევრი მოთამაშე ჰყავს პრემიერლიგაში, მაგრამ საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია კარგად თამაში #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა საბერძნეთთან პლეი ოფის ფინალურ მატჩზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვება თამაშის სწორად დაგეგმვამ და კარგმა მომზადებამ განაპირობა. როდესაც გავიგეთ, როდის გვქონდა ნახევარფინალი და ფინალი, იმ დღიდან დავიწყეთ ამ მატჩებისთვის მზადება.

კარგი თამაში გამოვიდა. საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია, ამ ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაში ასპარეზობს, მაგრამ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია კარგად თამაში დაცვასა და შეტევაშიც – ვფიქრობ, 26 მარტი ყველას დიდხანს დაამახსოვრდება. ყველაფერს დრო სჭირდება, ჩემი აზრით, ნაკრები ნელ-ნელა უფრო იხვეწება და უკეთესად თამაშობს.

ვილი სანიოლს ფეხბურთელობის დროს დიდ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და იცის, ასეთ შეხვედრებისთვის გუნდი როგორ უნდა მოამზადოს. ხშირად გვესაუბრებოდა და როგორც გამოჩნდა, ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარა. ვფიქრობ, მისი მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაბიჯი ნაკრებში კანკავას დაბრუნება იყო, ჯაბას გუნდში ყოფნამ ჩვენზეც დადებითად იმოქმედა“, – განაცხადა ანზორ მექვაბიშვილმა.