ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა, საპარლამენტო ცხოვრება გააჩერა, ძალაუფლება არ გადმოგვცა, მაგრამ თავადაც აღარ იყენებს, ეს ოპოზიციის უკვე დიდი წარმატებაა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა, საპარლამენტო ცხოვრება გააჩერა, ძალაუფლება არ გადმოგვცა, მაგრამ თავადაც აღარ იყენებს, ეს ოპოზიციის უკვე დიდი წარმატებაა

ის, თუ როგორ იცავს „ქართული ოცნება“ მურუსიძის სასამართლოს, თვითლუსტრაციის რაღაც ნაირსახეობაა. პრობლემები რომ არ ყოფილიყო, „ქართულ ოცნენას“ ასეთი რაღაცების გაკეთება არ მოუწევდა და, პირიქით, ხელს შეუწყობდა საგამოძიებო კომისიას, რათა ყველას დაენახა, რომ კარგი სასამართლო გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და საპარლამენტო ცხოვრება გააჩერა.

„ასე თუ გაგრძელდა, მაწყობს. გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება დათმო. ჩვენ არ გადმოგვცა, მაგრამ თვითონაც აღარ იყენებს და არცერთ კანონს აღარ მიიღებს. ასე თუ გაგრძელდა, ეს ძალიან კარგი შედეგიც იქნება, მაგრამ დაველოდოთ, კიდევ რას მოიგონებენ. თუმცა, შინაარსობრივად, ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა ოპოზიციის მხრიდან. პირველად შევძელით კოორდინირებულად წინააღმდეგობის გაწევა „ქართული ოცნებისთვის“. ასე თუ გავაგრძელეთ, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ძალიან რთული დილემის წინაშე აღმოჩნდება. ჩვენ თუ 50 დეპუტატი მყარად ვიქნებით და არავინ წავა, ან რამე არ დაემართება, მაშინ ყველა ვარიანტში ამ დაპირისპირებაში მოვიგებთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

18 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. მისივე თქმით, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც 19 აპრილს შედგა. ამასთან, საკითხზე პარლამენტში კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა, თუმცა კვორუმი კვლავ ვერ შედგა, შესაბამისად, კენჭისყრაც ვერ ჩატარდა.