ალექსანდრე ხვადაგიანი - ჭუბერში სტიქიის გამეორებას არ ველოდებით, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ
ჭუბერში სტიქიის გამეორებას არ ველოდებით, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ 1Tv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ალექსანდრე ხვადაგიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც დილიდან მუშაობას. ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა განაცხადა, ვითარების გაუარესებას არ ელოდებიან.
ხვადაგიანმა ასევე აღნიშნა, რომ სტიქიის ზონიდან შვიდ კილომეტრში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც წყლის დონის მატება-კლებას აკონტროლებენ და შესაბამის სამსახურებს აწვდიან ინფორმაციას.
„სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლზეა. თუ იქნება ძლიერი წვიმა, რაც გამოიწვევს მთაში თოვლის მასის დნობას, მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებენ მდინარე ნენსკრაზე, ინფორმაციას მაშინვე მოგვაწვდიან და შესაბამის ღონისძიებებს გავატარებთ. ამ დროისთვის სიტუაცია ნორმალურია, უკეთესობისკენ მივდივართ“, – განაცხადა ხვადაგიანმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია.
სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჭუბერში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მოსახლეობის საჭიროებების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.