ალექსანდრე ჯეჯელავა - დარწმუნებული ვარ, ჩვენი სქემით 66 ათასი პედაგოგიდან უფროსი პედაგოგის სტატუსს მიიღებს 50 ათასი და არა 25 ათასი, როგორც დღეს არის
დარწმუნებული ვარ, ჩვენი სქემით 66 ათასი პედაგოგიდან უფროსი პედაგოგის სტატუსს მიიღებს 50 ათასი და არა 25 ათასი, როგორც დღეს არის, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობის დროს განაცხადა.
მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, იყო კონკრეტული გეგმა, რომ ნახევარი პედაგოგები გამოცდაზე ჩაეჭრათ და სახლში გაეშვათ.
„სამწუხაროდ, აქედან გამოსვლას რაღაც დრო დასჭირდა. ჩვენ რომ სქემას შევქმნით, რაც პედაგოგის ღირსებასაც ისევე დააფასებს, როგორც საგნის ცოდნას, როგორც მოსწავლის მოტივაციაზე ზრუნვას, როგორც დამოკიდებულებას მოსწავლესთან, დარწმუნებული ვარ, რომ 66 ათასი პედაგოგიდან უფროსი პედაგოგის სტატუსს მიიღებს 50 ათასი და არა 25 ათასი, როგორც დღეს არის. ვფიქრობ, რომ სქემა როგორც კი გახდება უფრო სამართლიანი, ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ ჩვენი პედაგოგები არიან კარგი.
თავის დროზე პედაგოგებს აკნინებდნენ ისე, როგორც პოლიციელებს, მედიცინის მუშაკებს. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი უსამართლო სქემის ნაწილი იყო.
ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი პედაგოგები და ამ პედაგოგებს შეუძლიათ საკმარისი ხელშეწყობის პირობებში, მომავალ თაობებს ის მისცენ, რაც მათ სჭირდებათ“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
გადაცემაში მინისტრს წამყვანის გარდა, კითხვებს უსვამდნენ პირველი არხის ანალიტიკოსი ტატო ხუნდაძე, “მოამბის“ ჟურნალისტი გენო ოსიყმაშვილი და ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია.