ალექსანდრე ჯეჯელავა - კარგი პედაგოგობისთვის მაღალი ანაზღაურება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისია 
ალექსანდრე ჯეჯელავა - კარგი პედაგოგობისთვის მაღალი ანაზღაურება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისია 

მაღალი ანაზღაურება არ ქმნის კარგ პედაგოგს, კარგ პედაგოგს ქმნის ბავშვების სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობის დროს განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის პედაგოგებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში უხელფასობამ, დაუფასებლობამ, უპატივცემულობამ, არასწორ პირობებში ყოფნამ პედაგოგის პროფესიის დააკნინა.

„10 წლის წინ, შეიძლება 5 წლის წინაც, ბავშვს რომ ეთქვა, მე ვაპირებ მასწავლებლობას, დიდი შანსია, ეთქვათ, არა შვილო, დაფიქრდი, რადგან ხელფასი არ გექნება, საყვედურებს მიიღებ, არაკომფორტულ გარემოში მოგიწევს მუშაობა. ჩვენ ყველა ეს მიზეზი უნდა აღმოვფხვრათ. პირველ რიგში ადეკვატური ანაზღაურება უნდა მივცეთ ამ ხალხს. ანაზღაურებაზე უფრო წინ დგას ნებისმიერი პედაგოგისთვის დაფასება, ამასთან ერთად, უნდა შევქნათ პირობები, რომ მასწავლებელმა შეძლოს ღირსეული მომავალი თაობის აღზრდა, რადგან მთავრი მოტივატორი ყველა პედაგოგისთვის არის ბავშვის მიღწევა და შედეგი, რასაც ბავშვი აღწევს სასწავლო პროცესში.  პროცესი უკვე დაწყებულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასობით ახალგაზრდა თავისი კარიერის დასაწყისში ირჩევს პედაგოგის პროფესიას. ქალაქებში ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რადგან არის შრომის ბაზარი, სოფლებში და ეროვნულ უმცირესობებში ძალიან გვიჭირს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის განცხადებით, დღევანდელ პედაგოგებს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ.

ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, დღესდღეობით, ვინც ამთავრებს პედაგოგიურს და შედის სკოლაში, უკვე აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, რადგან ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს თავიდანვე დააკმაყოფილებს.

განათლების მინისტრის თქმით, უფროსი მასწავლებლების სრული განაკვეთის შემთხვევაში ანაზღაურება 800 ლარზე მეტია.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი პედაგოგი, ვინც შევა სკოლაში და თავიდანვე მოინდომებს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს, ექნება საკმაოდ მაღალი ანაზღაურება. მაღალი ანაზღაურება არ შველის, არ ქმნის კარგ პედაგოგს, კარგ პედაგოგს ქმნის ბავშვების სიყვარული. მაღალმა ანაზღაურებამ შეიძლება, კარგი ბანკირი შექმნას, ან კარგი სპეციალისტი. კარგი ანაზღაურება აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის, ისევე როგორც შეიძლება, ვთქვათ ჟურნალისტზე და სხვა ბევრ პროფესიაზე. ეს ისეთი სტრესული, რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელსაც მარტო ანაზღაურებისთვის არავინ გააკეთებს და ვერც შეძლებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გადაცემაში მინისტრს წამყვანის გარდა, კითხვებს უსვამდნენ პირველი არხის ანალიტიკოსი ტატო ხუნდაძე, “მოამბის“ ჟურნალისტი გენო ოსიყმაშვილი და ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია.

დატოვე კომენტარი