ალექსანდრე ჯეჯელავა - მასწავლებელს, რომელიც ჩადებს ინვესტიციასა და ენერგიას პროფესიულ განვითარებაში, ექნება უფრო მაღალი ხელფასი 
ალექსანდრე ჯეჯელავა - მასწავლებელს, რომელიც ჩადებს ინვესტიციასა და ენერგიას პროფესიულ განვითარებაში, ექნება უფრო მაღალი ხელფასი 

გარადამავალ პერიოდში ჩვენ ქვეყანაში იქნება ორნაირი მასწავლებელი, ერთი, რომელიც ჩადებს ინვესტიციას და ენერგიას თავის პროფესიულ განვითარებაში, მას ეწოდება უფროსი მასწავლებელი და მისი ხელფასი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე საშუალო ხელფასი და მეორე, რომელიც  არ იქნება აქტიურად ჩართული პროფესიულ განვითარებაში და ხელფასი უფრო დაბალი ექნება,- ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობის დროს განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი გზა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე გაიარეს.

„რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, სადაც ხელფასები უფრო მაღალია, უკვე გაიარეს ეს პროცესი.

არც ერთი ევროპელი პედაგოგი 14:00 საათზე მუშაობას არ ამთავრებს და დილიდან რვა საათამდე მუშაობენ, ჩართულები არიან ძალიან აქტიურად.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა, უნდა შევხედოთ ევროპულ ქვეყნებში მთლიანად სკოლაზე რამდენი ფული იხარჯება, პედაგოგის ხელფასი იქ ცალკე არ განიხილება. ევროპულ საშუალო ქვეყანას თუ ავიღებთ, ოცჯერ, ოცდახუთჯერ მეტი ფული იხარჯება ერთ მოსწავლეზე, ვიდრე საქართველოში.

ჩვენ ამ სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გავზრდით ანაზღაურებას, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც მოგვცემს ჩვენი ქვეყნის განვითარება“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გადაცემაში მინისტრს წამყვანის გარდა, კითხვებს უსვამდნენ პირველი არხის ანალიტიკოსი ტატო ხუნდაძე, “მოამბის“ ჟურნალისტი გენო ოსიყმაშვილი და ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია.