ალექსანდრე ბარამიძე - პარტიებს 2020 წლის არჩევნებისთვის ბლოკებად დაჯგუფების უფლება უნდა ჰქონდეთ, ეს მათ ხუთპროცენტიანი ბარიერისთვის შეამზადებს
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრის, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა იწონებს პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების იდეას, თუმცა ამ დრომდე დასადგენი რჩება რამდენიმე დეტალი, მათ შორის საარჩევნო ბლოკებისა და პარტიებია დაფინანსების საკითხი.
როგორც ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს ბლოკებად დაჯგუფების უფლება უნდა ჰქონდეთ, რაც მათ 2024 წლის ხუთპროცენტიანი ბარიერისთვის შეამზადებთ.
„დღესდღეობით კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი ითვალისწინებს ხუთპროცენტიან ბარიერს, რომელიც 2024 წლის შემდეგ ამოქმედდება. მიზანი ამის ის არის, რომ პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდეს და უფრო მწყობრი პარტიული სისტემა მივიღოთ. თუ ეს არის მიზანი, მაშინ დღეს რატომ ვაქუცმაცებთ პოლიტიკურ სპექტრს და სულ სხვა მიმართულებით რატომ ვდგამთ ნაბიჯებს? რატომ არ გვინდა, რომ ბლოკების ერთჯერადად დაშვებით მომდევნო არჩევნებზე მივცეთ საშუალება პოლიტიკურ პარტიებს გამსხვილდნენ კონკრეტული პარტიების გარშემო, რომ 2024 წლისთვის უკეთესად მოემზადონ კონსოლიდირებული და გაერთიანებული სახით. ლოგიკა, რასაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ საჭიროა გამსხვილებისთვის, ამ ლოგიკას ეწინააღმდეგება ის, რომ სპექტრი დაქუცმაცდეს ახლა“, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას მართავს. სამი დღის განმავლობაში, ჯგუფის წევრები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ იმსჯელებენ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, ასევე, მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.