ალექსანდრ ვერშბოუ - იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემას მუდმივად აღარ გადავდებთ
ალექსანდრ ვერშბოუ - იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემას მუდმივად აღარ გადავდებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება რუსეთის სამხედროების უკრაინის საზღვრიდან გაყვანის პროცესს. ნატო-შიც ამბობენ, რომ ფხიზლად არიან, თვალყურს ადევნებენ რუსი ჯარისკაცების გადაადგილებას. პარალელურად, 24 აპრილიდან რუსეთმა შავ ზღვაში ნაოსნობა ნაწილობრივ შეზღუდა, რაც როგორც კიევში, ისე აშშ-ში, ნატო-სა და ევროკავშირში გააპროტესტეს. უკრაინის საზღვრებთან შექმნილ ვითარებაზე საქართველოს პირველი არხი ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილ მოადგილეს და რუსეთში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ალექსანდრ ვერშბოუს ესაუბრა. 

ჩვენ ვნახეთ რუსეთის სამხედროების მობილიზება უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში. რამდენიმე დღის წინ რუსეთმა განაცხადა, რომ სამხედროების გაყვანა დაიწყო. თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა რუსეთის ქმედებები?

დასკვნის გამოტანა ან ყურადღების მოდუნება ჯერ ნაადრევია. რუსები ყოველთვის სიმართლეს არ ამბობენ. უნდა დავრწმუნდეთ და ვნახოთ ადგილზე, რომ სამხედროები ნამდვილად გადიან და ვითარება განიმუხტა. მეტიც, ჩვენ არა მხოლოდ სახმელეთო ძალებს უნდა მივადევნოთ თვალყური, არამედ შავ ზღვასაც, სადაც რუსეთმა აზოვის ზღვაში შესვლაზე ბლოკადის მსგავსი შეზღუდვა დააწესა. ასევე, ზღუდავს ნაოსნობას თავად შავ ზღვაშიც. ამიტომ, ჩემი აზრით, იმის თქმა, რომ რუსეთმა ვითარების დეესკალაცია დაიწყო, ჯერ ნაადრევია. როგორც ჩანს, რუსეთის მხრიდან იარაღის ჟღარუნი უფრო მეტად პოლიტიკური გზავნილების გაკეთებას ისახავდა მიზნად, ვიდრე სამხედრო მოქმედებების დაწყებას. მთავარი ამოცანა იყო უკრაინის დაშინება და კიევზე ზეწოლა, რათა უკრაინა ე.წ. მინსკის შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში დათმობაზე წავიდეს, რასაც ზელენსკი ამ დრომდე არ აკეთებდა. რუსეთის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა ევროპელი მოკავშირეების შეშინება და ნატო-ში განხეთქილების გამოწვევა. ამ ქმედებებით კრემლი ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ რუსეთს შეუძლია ინიციატივის ხელში აღება და ნებისმიერ დროს ვითარების სამხედრო ესკალაცია. ასეთივე გახლდათ ვლადიმერ პუტინის გზავნილი ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, როდესაც რუსეთის წითელი ხაზები ახსენა. როგორც ჩანს, მოსკოვი კვლავ ცდილობს, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ უკრაინასთან პარტნიორობა რთული საქმეა და დასავლეთმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ რუსეთს აქვს გავლენის სფეროები, კრემლი დომინირებს ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეში. ეს საფრთხე კვლავ აქტიურია, მიუხედავად იმისა, რომ არსებული კრიზისი უკრაინაში შესაძლოა, განმუხტვისკენ მიდიოდეს. ჩვენ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და ვიფიქროთ სხვა გზებზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა, რათა სიტუაციის განმუხტვა გრძელვადიან პერიოდში მოხერხდეს. რაც მთავარია, დეესკალაციის დადასტურება შესაძლებელი უნდა იყოს, რადგან რაც რუსეთმა ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში გააკეთა, შესაძლოა, განმეორდეს თუნდაც ზაფხულში. სამხედრო აგრესიის საფრთხე არ მოხსნილა.

უკრაინაში მდგომარეობა ძალიან ჰგავს 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. შესაძლებელია, უკრაინაში იგივე განმეორდეს?

2008 წლის მსგავსი სიტუაცია ჩვენ უკრაინაში უკვე ვიხილეთ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა დაიკავა ყირიმი და წამოიწყო ომი უკრაინის აღმოსავლეთში, რასაც კრემლში სამოქალაქო ომად ასაღებენ, სინამდვილეში კი, ეს რუსეთის აგრესიაა. ასე რომ, დიახ, მოსალოდნელია, მსგავსი მოვლენები ისევ განმეორდეს უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ახლა რუსი სამხედროები დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებოდნენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში ჩატანილი აღჭურვილობის დიდი ნაწილი ადგილზე რჩება. ასე რომ, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაზარდოს სამხედრო ზეწოლა. ზოგადად, რუსეთი შეეცდება, ისარგებლოს ნებისმიერი უთანხმოებით დასავლეთში. ასეთი დიდი განხეთქილება გვახსოვს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, როდესაც ნატო-ს მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ. ამასთან, რუსეთი მზად იყო, დაებლოკა ნებისმიერი ასეთი მცდელობა და ეს გააკეთა კიდეც ჯერ საქართველოს და შემდეგ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის კონსოლიდაციით. ახლა კრემლში მიაჩნიათ, რომ მუდმივად შეუძლიათ, დაბლოკონ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი. დასავლეთისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რუსეთს დაუმტკიცოს, რომ მოსკოვი ცდება, რომ კრემლს ამ პროცესში ვეტო არ აქვს. პარალელურად კი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია სამხედრო აგრესიის გაგრძელების შეკავებისთვის.

ცოტა ხნის წინ აშშ-მა სანქციების დაუწესა რუსეთს. როგორ ფიქრობთ, ეს სანქციები საკმარისია, რომ რუსეთმა ქცევა შეიცვალოს?

სანქციები ძალიან კარგად იყო მომზადებული ბაიდენის ადმინისტრაციის გზავნილების გადასაცემად. პირველი გზავნილი არის, რომ რუსეთს აღარ ექნება მოქმედებების ისეთი თავისუფლება, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ჰქონდა. აშშ-ი პასუხს გასცემს კრემლს და მოსკოვს მოუწევს საფასურის გადახდა აგრესიული ქმედებებისთვის, იქნება ეს აშშ-ის არჩევნებში ჩარევა, კომპიუტერულ სისტემებზე ჰაკერული თავდასხმა, თუ მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელება. თუმცა, ამასთან ერთად, ბაიდენის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აშშ-ს ესკალაცია არ სურს. ვაშინგტონს უამრავი სანქცია აქვს რეზერვში და მათი დაწესებისგან თავს იკავებს, რადგან იმედი აქვს, რომ კრემლში დაძაბულობის განმუხტვის გზას აირჩევენ. თუმცა, რამდენად დათანხმდება ამ სცენარს პუტინი, ჯერ უცნობია. ის განრისხებული რიტორიკით პასუხობს დასავლეთს. ზოგადად, სანქციებს აქვს ეფექტი, თუმცა ეს არ გახლავთ ჯადოსნური ჯოხი, რომელიც რუსეთის ქცევას ერთ ღამეში შეაცვლევინებს. სანქციები ის საფასურია, რაც ქმნის რუსეთის ეკონომიკაში სირთულეებს. ამ სირთულეების ნაწილს თავად პუტინის მიერ არჩეული კურსი იწვევს. მაგალითად, რეფორმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ეკონომიკაში სახელმწიფოს დომინირება და ა.შ. ეს ყველაფერი რუსეთის ეკონომიკის სტაგნაციას განაპირობებს, რაც ბრეჟნევის პერიოდის მსგავსია. სანქციებს ვითარების გაუარესება შეუძლია. ის დააფრთხობს უცხოურ ინვესტიციებს. ამის შედეგები უკვე ვნახეთ, რადგან რუსეთში ბოლო შვიდი წელია, რეალურად ეკონომიკა არ გაზრდილა.

ჩვენ მოვისმინეთ, როგორ დაემუქრა რუსეთი უკრაინას, თუ ნატო-ში გაწევრიანებას შეეცდება. ასეთი მუქარა ხშირად ისმის საქართველოს მისამართითაც. რა უნდა იყოს დასავლეთის საუკეთესო პასუხი რუსეთის მუქარაზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე აშშ-მა უნდა უბიძგოს ალიანსის სხვა წევრებს, რათა უკრაინამ და საქართველომ წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღონ?

საუკეთესო გზა წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემა და საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რეალური სამზადისის დაწყება იქნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დღეს შეუძლებელია, რადგან ნატო-ში ამ საკითხზე ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა. ალიანსის წევრები შიშობენ, რომ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მცდელობას რუსეთის ხისტი პოზიცია მოჰყვება. ნატო-ს წევრები არ არიან მზად, ომში ჩაებან საქართველოსა და უკრაინის გამო. ასეთია სამწუხარო რეალობა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ალტერნატიულ გზაზე, რაც ნატო-ს მხრიდან უკრაინისა და საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის საგრნობლად გაზრდას გულისხმობს. იმედი მაქვს, აშშ-ს ალიანსის სხვა წევრებიც შეუერთდებიან, რათა ერთობლივად გავაძლიეროთ საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა, შესაძლებლობები არა ახალი საბრძოლო მოქმედებების ხელშეწყობისთვის, არამედ რუსეთის შესაკავებლად, რათა კრემლმა აღარ სცადოს იმის გამეორება, რაც 2008 წელს საქართველოში გააკეთა და, რასაც რუსები დღემდე აკეთებენ დონბასში. ნატო-ში ინტეგრაცია თანდათანობით მოხდება. ჩემი აზრით, აშშ-ის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ აფასებს, როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში სამომავლო გაწევრიანება. იმედი მაქვს, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი კრიზისის მაგალითზე აშშ-ი გააცნობიერებს, რომ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურება მხოლოდ გაათამამებს რუსებს, უფრო აგრესიულად მოიქცნენ და დაბლოკონ თბილისისა და კიევის გზა ნატო-სკენ. არ ვფიქრობ, რომ ნატო-ს სამიტზე, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, რაიმე დრამატული ცვლილება მოხდება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გააქტიურების კუთხით რეალური ცვლილებები იქნება და ამ თემას მუდმივად აღარ გადავდებთ.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა, ჩეხეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქებები – ორივე შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ. მინდა, გკითხოთ, როგორც რუსეთში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ბაიდენის ადმინისტრაციას სწორი მიდგომა აქვს რუსეთისადმი?

საქმეები, რომლებიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ბაიდენის ადმინისტრაციის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, გაუმკლავდეს როგორც რუსეთისგან მომავალ გეოპოლიტიკურ საფრთხეს, ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როდესაც ის არღვევს პოლიტიკური აქტივისტების ფუნდამენტურ უფლებებს, როგორც ეს ხდება ალექსეი ნავალნის შემთხვევაში. აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას ვალდებულებები, რომელიც მოსკოვს ჰელსინკის აქტითა და სხვა დოკუმენტებით, თუნდაც რუსეთის კონსტიტუციით აქვს. ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომაა, რომ რუსეთიდან მომავალი გამოწვევები რეალისტურად იყოს გაანალიზებული, დადგინდეს პრობლემის არსი, ასევე დაცული იყოს აშშ-ის ეროვნული ინტერესები და ღირებულებები. ბაიდენის მიდგომა ორგვარია და ეს ახალი კონცეფცია არ გახლავთ. ანალოგიური მიდგომა ცივი ომის პერიოდშიც იყო. ასეთივე კონცეფცია ნატო-მ 2014 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოადგინა. ეს მიდგომა გულისხმობს რუსეთის აგრესიის შეკავებას, წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებასა და ინტერესებს. რუსეთს მოუწევს საფასურის გადახდა აგრესიისთვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ რუსეთთან დიალოგისთვის კარი ღია უნდა დავტოვოთ, რათა მკაფიოდ გავაგებინოთ მოსკოვს, სად გადის ჩვენი „წითელი ხაზები“, შევძლოთ ურთიერთობების სტაბილიზაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ რუსეთთან კონკურენცია გრძელვადიან პერიოდში მოგვიწევს და ურთიერთობების სწრაფი „გადატვირთვა“, როგორც ეს ბარაკ ობამამ სცადა, ამჯერად არ მოხდება. აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა დიდწილად კონკურენტული იქნება, თუმცა უნდა მოვახერხოთ ამ ურთიერთობების სტაბილიზაცია. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის სხვა ფორმები, რათა კონკურენცია სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. ეს გონივრული მიდგომაა და წარმოადგენს საფუძველს ნატო-სა და ევროკავშირის რუსეთთან მიდგომის სტრატეგიისთვის. იმედი მაქვს, ნატო-ს სამიტზე, ივნისში ალიანსის წევრები დაადასტურებენ, რომ ინარჩუნებენ მტკიცე პოლიტიკას რუსეთისადმი, რაც დაფუძნებულია ჩემს მიერ ნახსენებ ორგვარ მიდგომაზე. ესაა ჩვენი საერთო ინტერესების, ღირებულებების დაცვა და რუსეთის რევიზიონისტული, რევანშისტული პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რასაც კრემლის მხრიდან ვხედავთ 2008 წლის შემდეგ.

და ბოლოს, გკითხავთ შავ ზღვაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. თურქეთი ახალი არხის გაჭრას გეგმავს, რომელიც ბოსფორის სრუტის გასწვრივ გაივლის. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ გზით რუსეთის უპირატესობის დაძლევა შავ ზღვაში? აქვე გკითხავთ რუსეთის გრძელვადიანი გეგმის შესახებ. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ამოცანაა, უკრაინა შავ ზღვას მოსწყდეს. როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც ასეა?

რუსეთი ნამდვილად ცდილობს, შეუზღუდოს უკრაინას შავ ზღვასთან წვდომა, მათ შორის, ქერჩის სრუტის ბლოკადის გამოცხადებით. ამ გზით რუსეთი ცდილობს, დაბლოკოს უკრაინული პორტები, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. ამ პორტებით ხდება სურსათისა და სხვა პროდუქტების ექსპორტი მარიუპოლიდან ბერდიანსკამდე. ასევე, არ უნდა გამოვრიცხოვთ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარება, რა დროსაც რუსეთი შეეცდება, გაჭრას დერეფანი რუსეთიდან დნესტრისპირეთამდე. ასეთ შემთხვევაში უკრაინა სრულად მოწყდება შავ ზღვას. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უკრაინა, საქართველო და ნატო-ს ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და შეიმუშაონ გაცილებით თანმიმდევრული სტრატეგია შავი ზღვისთვის, რომელიც დაიცავს ჩვენს ლეგიტიმურ უფლებას, გვქონდეს წვდომა შავ ზღვასთან, დაეხმარება უკრაინას საზღვაო სამხედრო ძალებს და შეაკავებს სამხედრო უპირატესობის გამოყენებით ამ რეგიონში რუსეთს ჰეგემონიის გაფართოებას. შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავება უნდა იყოს პრიორიტეტული აშშ-ისთვის, ნატო-სა და იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც რუსეთი ყველაზე მეტად ემუქრება. რაც შეეხება სტამბოლის არხის პროექტს, ამ საკითხზე ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, რამდენად მიზანშეწონილია ეკონომიკური კუთხით ახალი არხის გაყვანა და რა შედეგებს მოუტანს ის მონტროს კონვენციას. ცხადია, მონტროს კონვენცია შეზღუდვებს უწესებს აშშ-ისა და ნატო-ს ხომალდებს შავ ზღვაში, თუმცა ეს კონვენცია დიდწილად მაინც სტაბილიზაციას უწყობს ხელს. ამიტომ ვფიქრობ, თურქეთმა პირველ რიგში ნატო-ს მოკავშირეებს უნდა აუხსნას, რა მიზანს ისახავს სტამბოლის არხის გაყვანა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, უნებლიეთ ხომ არ შევუწყობთ ხელს რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაზრდას.