რუსეთისა და ბელორუსის ლიდერების მორიგი შეხვედრა კვლავ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრემლში პუტინისა და ლუკაშენკოს მოლაპარაკებები სამი საათი გრძელდებოდა. ერთადერთი, რაზეც პრეზიდენტები შეთანხმდნენ, არის ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება.
ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხად მინსკისთვის რუსული ბუნებრივი აირის ფასია. მოსკოვი კი ბელარუსიდან რუსეთში იმ პროდუქტების შეტანას აპროტესტებს, რომელიც ე.წ. შავ სიაშია შეყვანილი. თუმცა, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ მხარეები ამ პრობლემების გადასაჭრელად, უცნობია.
მოგვიანებით ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ლუკაშენკომ პუტინს საახალწლოდ ოთხი ტომარა კარტოფილი და სალა გაუგზავნა. როგორც ლუკაშენკოს პრესმდივანმა აღნიშნა, პუტინისთვის ოთხი სახეობის კარტოფილი სპეცშეკვეთით შეარჩიეს.