ალეკო ელისაშვილი - რა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რის გიორგი ბრწყინვალე, „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩვეულებრივი, კეზერაშვილის დაფინანსებულ ხალხთან ლაპარაკს არ ვაპირებ
რა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რის გიორგი ბრწყინვალე, „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩვეულებრივი, კეზერაშვილის დაფინანსებულ ხალხთან ლაპარაკს არ ვაპირებ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, საერთო აქვს მათთან, ვინც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს.
ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, არჩევნებამდე აუცილებელია ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნა.
„ჩემი ხედვა ასეთია, რომ არჩევნებამდე ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ. უნდა ვცადოთ, ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ ჩვენი იდეების მართებულობაში, თითოეულმა ჩვენგანმა ელექტორატი გავზარდოთ. მანამდე აუცილებლად უნდა შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი. სხვანაირად ეს ქვეყანა წავა ჭაობში. დაგვსვით ეთერებში და ამაზე გვალაპარაკეთ. ამას ვცდილობთ პარლამენტში, მაგრამ ჩვენი ხმა არ ისმის. პარლამენტში კი გვაქვს ტრიბუნა, ყოველი სასესიო კვირის სამშაბათს ოთხი წუთი, შეგიძლია, რასაც ფიქრობ, იმაზე ილაპარაკო. სხვა დროს ლაპარაკის საშუალებას რეგლამენტი არ გვაძლევს. ვილაპარაკოთ, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის გაჯანსაღება და რეფორმირება, განათლების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის და უსაფრთხოების. მილიონი პრობლემაა. არავინ გვალაპარაკებს ამაზე. ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რა ხედვები გვაქვს თითოეულ საკითხზე. მოვა არჩევნები, ბრახაბრუხს დავიწყებთ პროგრამებთან დაკავშირებით, მილიონი ინფორმაცია შესდის ხალხს და თავგზა აქვს აბნეული. საერთო ჯამში, არჩევანი იმაშია, რომ ეს „ქოცები“ კი არ ვარგებულან, მაგრამ იმათი დაბრუნება არ შეიძლება. სააკაშვილიც დაიწყებს, – დაგიჭერთ, დაგხვრეტს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის განცხადებით, საპარლამენტო იქნება თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, თანამშრომლობას განიხილავს მათთან, ვისაც წარმატებული ქვეყანა უნდა და ვისაც აქვს იდეები.
„„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის „ნაციონალური მოძრაობა“. რა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რის გიორგი ბრწყინვალე. „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩვეულებრივი. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ლაპარაკს არ ვაპირებ. კეზერაშვილის დაფინანსებულ ხალხთან. ქართული არმიის ქურდს რომ ფულს ართმევენ და არ ეუხერხულებათ, იძახიან, ეს კეთილშობილი მიზნისთვის გვინდა, ივანიშვილი უნდა დავამარცხოთო. ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კეზერაშვილი ივანიშვილზე უკეთესი? ჯარის ფული მაინც არ მოუპარავს. როგორ გინდა, დაამარცხო ადამიანი ბინძური ფულით? შესაბამისად, მე მაგ ხალხთან საერთო არ მაქვს. მე მაქვს საერთო იმ ხალხთან, ვინც საქართველოს მომავალს ხედავს ევროპაში, ნატო-ში, რუსეთის გარეშე; ხედავს საქართველოს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, წელში გამართულ ქვეყანას. მეც ვისურვებდი, ერთი მხრიდან ნიკო ნიკოლაძე იყოს, მეორე მხრიდან – ილია ჭავჭავაძე, მესამედან – დიმიტრი ყიფიანი, მათთან ყოფნას რა სჯობს, მაგრამ ალეკო ვარ, ელისაშვილი. ნაყარნუყარები ვართ იმ დიდ ქართველებთან შედარებით. ეგ ვართ, რაც ვართ, გინდა შეგვწვით და გინდა მოგვხარშეთ. შეიარაღებული ძალები ჩემთვის წმინდათა წმინდაა, ამას რომ კაცმა ფული მოჰპარა, იმასთან რაზე უნდა ვილაპარაკო საერთოდ. მე მასთან სალაპარაკო არ მაქვს. თან ახლა აღმოჩნდა, მთელი მსოფლიოს პენსიონერები გაძარცვა. საპარლამენტოა თუ არასაპარლამენტო, ვისაც უნდა, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი, ნატო-ს წევრი, ვისაც არ უნდა, იყოს რუსეთის წევრი და უნდა, იყოს წარმატებული, მდიდარი ქვეყანა, ვისაც აქვს იდეები განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე, იმასთან ვილაპარაკებ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.