ალეკო ელისაშვილი - პოზნერმა საქართველო რამდენჯერმე აბუჩად აიგდო, დიახ, ასეთ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ
ალეკო ელისაშვილი - პოზნერმა საქართველო რამდენჯერმე აბუჩად აიგდო, დიახ, ასეთ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ

პოზნერმა საქართველო რამდენჯერმე აბუჩად აიგდო, დიახ, ასეთ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც გავლენიანი და ცნობადი ადამიანები საქართველოს აბუჩად იგდებენ და სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, მათ ქვეყანაში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ.

„საქართველოში შემოსვლა იმ ადამიანებს უნდა ეკრძალებოდეთ, ვინც ქართულ სახელმწიფოს აბუჩად იგდებს და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს. მთავარი კრიტერიუმი ეს უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება. საქართველოში ვინმეს შემოსვლა-არშემოსვლა მამუკა მდინარაძის გემოვნებით კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მკაფიო კრიტერიუმები უნდა იყოს. კრიტერიუმი უნდა იყოს თუკი ვინმე ქართულ სახელმწიფოს აბუჩად იგდებს და ამ შემთხვევაში, პოზნერმა ქართული სახელმწიფო რამდენჯერმე აბუჩად აიგდო. მან თქვა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, რუსული ტანკები დაიძრნენ და სინანული გამოთქვა, რომ შუა გზაში რატომღაც გაჩერდნენ და თბილისამდე არ მოვიდნენ. ეს არის აბუჩად აგდება. მიმაჩნია, რომ დიახ, ასეთ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა უნდა ეკრძალებოდეთ.

სახელმწიფო ვერაფრით გაიგებს, რუსი ტურისტი სადღაც სამზარეულოში რას ლაპარაკობს საქართველოზე, მაგრამ როცა პოზნერის მსგავსი გავლენიანი ადამიანი სახელმწიფოს აბუჩად იგდებს, შემდეგ ქართული სახელმწიფო მას საზღვრის, რესტორნისა და სასტუმროს კარს არ უნდა უღებდეს. ზოგადად, ვისი შემოსვლა შეიძლება და ვისი არა, ამის გაწერა შეიძლება. კონკრეტული ადამიანების „ნონგრანტად“ გამოცხადების წესი არის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის გამო გუშინდელ პროტესტს, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ორმაგი სტანდარტია, როდესაც პოლიტიკოსთა ნაწილი ამ ფაქტით აღშფოთდა და ამავე დროს, ნინო ბურჯანაძის გვერდით დგას.

„ორმაგი სტანდარტია, როცა ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც საქართველოში პოზნერის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ და ამავე დროს, ნინო ბურჯანაძის გვერდით დგანან. ნინო ბურჯანაძემ კოსაჩოვს გავრილოვის გამო ბოდიშები უხადა, ოპოზიციის ნაწილი კი გავრილოვის ჩამოსვლით აღშფოთებულია. ეს ორმაგი სტანდარტიც არის და უსინდისობაც. ხალხის მოტყუებაა, რომ თან ვითომ გავრილოვით და პოზნერით აღშფოთებული ხარ და ბურჯანაძესთან პრობლემა არ გაქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.