ალეკო ცქიტიშვილი - იარაღით როდესაც გადაადგილდება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე და მისი დაშინებაც გამოიწვიოს
იარაღით როდესაც გადაადგილდება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე და მისი დაშინებაც გამოიწვიოს, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი როდესაც იარაღით გადაადგილდებოდა ქვემო ქართლში, მე ვნახე მისი კომენტარი, რომ ეს არ ხდებოდა უბანზე ან უბანთან ახლოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის გამოსაკვლევი. რამდენად ახლოს იყო უბანთან ან იყო თუ არა ეს შემთხვევა 25-მეტრიან რადიუსში. რა თქმა უნდა, ეს გამოძიების საგანია. ადამიანს აქვს ტაბელური იარაღის ტარების უფლება, რომელსაც შესაბამისი ნებართვა შსს-გან აქვს მინიჭებული. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოწოდებაა, არჩევნებმა ჩაიაროს იარაღის გარეშე. ასეთი შემთხვევები ჩრდილს მიაყენებს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს, ასევე გააჩენს ეჭვებს, რომ როდესაც იარაღით გადაადგილდება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, შესაძლოა, ამან ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე და მისი დაშინებაც გამოიწვიოს“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღით გადაადგილდება.