დიმიტრი შაშკინი - მიხეილ სააკაშვილი რომ გადასაყვანია, მოწამლულია, მის სისხლში არის შხამი, დადასტურებულია ამერიკულ ლაბორატორიაში ამერიკელების მიერ
დიმიტრი შაშკინი - მიხეილ სააკაშვილი რომ გადასაყვანია, მოწამლულია, მის სისხლში არის შხამი, დადასტურებულია ამერიკულ ლაბორატორიაში ამერიკელების მიერ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეალობას აცდენილია.

დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ღარიბაშვილი აღნიშნავს: „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია, ის წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა საქართველოში, მისი დაბრუნების იდეა იყო რევოლუციის მოხდენა, მასობრივი მკვლელობების ინსპირირება, ეს გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა“.

„მიხეილ სააკაშვილი რომ გადასაყვანია, მოწამლულია, მის სისხლში არის შხამი, დადასტურებულია ამერიკულ ლაბორატორიაში ამერიკელების მიერ. არც უკრაინის პრეზიდენტს, არც პოლონეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, არც ირლანდიის მთავრობას, არც საფრანგეთის პრეზიდენტს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეპარებათ ეჭვი ამ დასკვნაში. ისინი მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას. უნდა გქონდეს ნიჭი, რომ ორ წუთში ყველას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს შეურაცხყოფა მიაყენო და გაახარო რუსეთი, ბელარუსი და, სავარაუდოდ, ერიტრია, არ ვიცი, ერიტრიას რამდენად აინტერესებს ახლა ეს საკითხები“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შაშკინის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„უნდა ეთქვა, რომ რუსეთი უნდა გაეთრიოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლაპარაკებები, როგორც ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, დაიწყება მაშინ, როცა რუსეთი უკრაინიდან გაეთრევა. ასევე, ჩვენ ძალიან გვინდა, გაეთრიოს საქართველოდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი, მანამდე არავის აქვს სურვილი, ესაუბროს რუსეთს, ბელარუსის და, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის გარდა, რაც ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.