დიმიტრი შაშკინი - არცერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა, თქვენ ხომ არ აფრენთ, გენერალ ლორთქიფანიძეს აბრალებთ რუსეთის აგენტობას?
დიმიტრი შაშკინი - არცერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა, თქვენ ხომ არ აფრენთ, გენერალ ლორთქიფანიძეს აბრალებთ რუსეთის აგენტობას?

არცერთი თანამდებობის და არცერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, „აიღეს ქოცების ნარატივი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო ორგანიზებული გენერალ ლორთქიფანიძეს მიერ, დაამახინჯეს პრეზიდენტის ინტერვიუ და ფეისბუქზე ატრიალებენ, რომ მიშას ჩამოსვლა საქართველოში იყო ორგანიზებული ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან ლორთქიფანიძე იყო მისი მოადგილე 2012-ში“.

„თქვენ ხომ არ აფრენთ?! ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას?! გენერალ ლორთქიფანიძეს?! 2008 წლის ომის გმირს! უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის (მიშას გუბერნატორობის პერიოდში) ყოფილ უფროსს?

გენერალი ლორთქიფანიძე ომშია რუსეთთან! სანამ თქვენ აქ კლავიატურაზე ნაძირლობებს წერთ, ის ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად თავის სიცოცხლეს რისკავს და ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად ომობს!

ან ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში შვიდი წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? ამას ჰქვია ნაძირლობა და არაფერი საერთო არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან“, – წერს დიმიტრი შაშკინი.