ალეკო ცქიტიშვილი - გვაქვს ბევრი ინფორმაცია იმის სათქმელად, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების რესურსი კვლავ არსებობს
ალეკო ცქიტიშვილი - გვაქვს ბევრი ინფორმაცია იმის სათქმელად, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების რესურსი კვლავ არსებობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას მოვისმენთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა განუცხადა, რომელიც შსს-ში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

„ჩვენ დაგვიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. გამოთქვეს შეხვედრის სურვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რა თქმა უნდა, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმის მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას მოვისმენთ. საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისთვის, რომ სამინისტროს ჰქონდეს გარკვეული პოზიცია, თუ რას გეგმავს. ამავე დროს ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მინისტრის მოადგილის კომენტარი, რომელიც კვლავაც საუბრობს, რომ ეს მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რათა მოხდეს ​მკვლელობაში მონაწილე კიდევ ორი პირის დაკავება, რაც არის დაზარალებულის მოთხოვნა“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის თქმით, მისი ორგანიზაცია იცავს დაზარალებულის ინტერესებს.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია, რათა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად კვლავ არსებობს ამ საქმის გამოძიების რესურსი, რომ დაკავებული და პასუხისგებაში იქნას მიცემული ამ საქმის ყველა მონაწილე. ვფიქრობთ, იმაზე საუბარი, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ჩატარებული გამოძიებით შეუძლებელია ამ დანაშაულის კიდევ ორი მონაწილის დაკავება, არის ძველი პოზიცია და გაკვირვებული ვართ, რომ კვლავ მეორდება ეს პოზიციები სამინისტროს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რესურსი საქმეზე მოხდეს გარკვეული მტკიცებულებების შეგროვება, რათა პასუხისმგებლობაში მიეცნენ სხვა მონაწილეებიც“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე იმყოფებიან.