ალეკ ბოლდუინს კინოოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის არაგანზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება მოუხსნეს
მსახიობ ალეკ ბოლდუინს კინოოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის არაგანზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება მოუხსნეს. ნიუ მექსიკოს შტატის მოსამართლის დადგენილებით, საქმის ხელახლა აღძვრაც შეუძლებელი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
სასამართლოს დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა, სადაც პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დამალვაში დასდო ბრალი. კერძოდ, საუბარია ტყვიებზე, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო სასიკვდილო გასროლასთან, რასაც ჰალინა ჰატჩინსი ფილმ „ჟანგის“ გადაღებების დროს ემსხვერპლა. თუმცა ტყვიები სხვა საქმეში და განსხვავებული ნომრით იქნა დარეგისტრირებული.
პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ ტყვიები დაკავშირებული არ იყო საქმესთან და არ ემთხვეოდა იმ ტყვიებს, რომელიც გადასაღებ მოედანზე იპოვეს. დაცვის მხარის თქმით, მათ უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა, განესაზღვრათ ამ მტკიცებულებების მნიშვნელობა, რისი შესაძლებლობაც არ ჰქონიათ. მოსამართლემ დაცვის მხარის ეს პოზიცია გაიზიარა.
ალეკ ბოლდუინის ადვოკატებმა ასევე ეჭვქვეშ დააყენეს გამოძიების მსვლელობა და ხაზი გაუსვეს შეცდომებს, რომლებიც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დაუშვეს.
შედეგად, მოსამართლემ დაადგინა, რომ პროკურატურას დაცვის მხარისთვის უნდა გაეზიარებინა ეს ინფორმაცია. „ამ ინფორმაციის დამალვა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა გამიზნულად და განზრახ. სასამართლოს არ შეუძლია ამის გამოსწორება“, – აღნიშნული იყო სასამართლოს განცხადებაში.
მოსამართლის დადგენილებას ალეკ ბოლდუინის ემოციური რეაქცია მოჰყვა.