ალეკ ბოლდუინმა გასროლის შედეგად ოპერატორის დაღუპვის შემთხვევას „ტრილიონში ერთი მოვლენა“ უწოდა
ალეკ ბოლდუინმა გასროლის შედეგად ოპერატორის დაღუპვის შემთხვევას „ტრილიონში ერთი მოვლენა“ უწოდა

ამერიკელმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა გასროლის შედეგად ოპერატორის დაღუპვის შემთხვევას „ტრილიონში ერთი მოვლენა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნაკლებსავარაუდოა იმ ვესტერნის გადაღების გაგრძელება, რომლის დროსაც ტრაგედია დატრიალდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ბოლდუინმა ვიდეოკამერის წინ პირველად ისაუბრა. მან ავტომობილი გააჩერა, როდესაც ვერმონტში გადაადგილებისას პაპარაცები აედევნენ.

„გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევები პერიოდულად ხდება, მაგრამ არა ასეთი. ეს ეპიზოდი არის „ტრილიონში ერთი“. თუ გახსოვთ რამდენი ტყვია იქნა გასროლილი ბოლო 75 წლის განმავლობაში ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში? მილიარდები და თითქმის ყველა რაიმე შედეგის გარეშე“, – აღნიშნა ბოლდუინმა და დაამატა, რომ იგი იარაღის გამოყენების წესების გამკაცრებას უჭერს მხარს.

ამერიკელი მსახიობის თქმით, მიმდინარე გამოძიების მსვლელობაზე მას კომენტარის გაკეთება ეკრძალება, რადგან მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ფაქტის დადგენა, თუ როგორ მოხვდა საბრძოლო ვაზნა რევოლვერის ბარაბანში.

ჟურნალისტის კითხვაზე, განახლდება თუ არა გადაღებები, ბოლდუინმა უპასუხა, რომ არ ჰგონია.

„ის ოპერატორი ჩემი მეგობარი იყო. იმ დღეს, როდესაც სანტა ფეში გადაღებების დასაწყებად ჩავედი, რეჟისორ ჯოელთან სადილზე დავპატიჟე. ჩვენ ძალიან კარგად კოორდინირებული გუნდი ვიყავით. ერთად ვიღებდით ფილმს და შემდეგ ეს საშინელება მოხდა“, – დაამატა მსახიობმა.

საუბრის ბოლოს ბოლდუინმა პაპარაცებს სთხოვა, აღარ აედევნონ მის ავტომობილს, რომელშიც მისი შვილები ტირიან.