ალჟირში ტყის ხანძარს 25 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ალჟირში ტყის ხანძარს 25 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ალჟირში ტყის ხანძარს 25 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „ალ ჯაზირააქვეყნებს. ალჟირის დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შედეგად 25 ჯარისკაცი დაიღუპა, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუირებას ცდილობდნენ.

ალჟირის პრეზიდენტის, აბდელმაჯიდ ტებუნის განცხადებით, ჯარისკაცებმა ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს კაბილიას რეგიონში, დაშავებულია 11 ჯარისკაცი, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

დედაქალაქ ალჟირის აღმოსავლეთით მდებარე კაბილიას რეგიონში ხანძარი გასულ დღეს გაჩნდა, რომელსაც ბოლო ინფორმაციით სულ მცირე შვიდი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში 41 აქტიური ხანძრის კერაა. ხანძრის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილია საგამოძიებო კომისია, რომელიც ხანძრის გაჩენის მიზეზს იძიებს. კომისია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტსაც განიხილავს.