ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი - ტყე არ იკეტება, მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი - ტყე არ იკეტება, მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება

ისტორიული ფაქტებიც გვახსოვს და სინამდვილეც არსებობს, რომ ტყე ეკლესიამ შეინარჩუნა, დღეს ეს ნაბიჯი ვფიქრობ, რომ კარგია, ტყე არ იკეტება, ოღონდ მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება, – განაცხდა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ტყეების მართვის კანონში რეგულაციების საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს რეგულაცია შეთანხმებადია და როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ერთსულოვნების საფუძველზე ამ შეთანხმების შედეგი კარგი იქნება.

„ეს არაა მხოლოდ ეკლესიებზე გადასაცემი ტერიტორიების კანონი, ესაა ზოგადად ტყის მართვის კანონი. აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო კანონმდებელი თვლის, რომ ერთობლივად შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიაზე გადაცემული ტყეები იქნება უტყუარად დაზიანებული ან აკრძალვის ზონები, მინდა გავიხსენო, რომ მსოფლიოშიც და საქართველოშიც არსებობს ასეთი რეგულაციები, რომელიც იძლევა ტყეში თავისუფლად დასვენების საშუალებას. საგანგებოდ არის გამოყოფილი საპიკნიკე, კარვის გასაშლელი და მანქანის გასაჩერებელი ადგილები“, განმარტა მეუფემ და აღნიშნულთან დაკავშირებით მაგალითისთვის მოიყვანა 2006 და 2010 წელს ალავერდის ეპარქიისთვის გადაცემული შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის და ალაზნის ჭალის ტყის ნაწილის მდგომარეობა. მეუფის შეფასებით, ეს ტერიტორიები გადაურჩა განადგურებას.

„არაერთმა კომისიამ დაათვალიერა და როდესაც მათ ნახეს სახელმწიფო უბანი და საეკლესიო დაცული ტერიტორიები, სრულიად განსხვავებული სურათი იყო. განადგურებული „ჭალის მუხის“ უბანი სახელმწიფო უბანზე, ხოლო მოვლილი და დაცული ჭალის ტყე ეკლესიის მხარეს. ამიტომ კანონი კარგია, მასში დანაშაულს ვერ ვხედავ“, – ამბობს მეუფე.

ალავერდის ეპარქიის წინამძღვარმა ტყის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყე მხოლოდ მოჭრის მიზნით არ უნდა გამოიყენებოდეს.

„თუ ტყე მოიჭრება, ან დეგრადაციას განიცდის ტყის ფართობი, იქ ხელმეორედ უნდა მოხდეს ნერგების გამორგვა, რომელმაც ახალი ტყის დასაბამს უნდა მისცეს საფუძველი“, –  განაცხადა მეუფემ.

ამასთანავე, აბბა დავითმა აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციების შესაბამისად, ეპარქიისთვის 20 ჰექტარი ტყის გადმოცემაზე კონსულტაციები არ გამართულა.

„თუ ჩვენ მოვითხოვთ და გადმოგვცემენ 20 ჰექტარ ტყეს, მაშინ მისი მოვლის და დაცვის საშუალებებიც ერთად უნდა განისაზღვროს, ერთად მოვილაპარაკოთ, როგორ უნდა მოხდეს ეს. ერთია, რომ ტყე გვქონდეს, მაგრამ ვალდებულება, რომ ის შევუნახოთ მომავალ თაობებს, ეს არის კანონმდებლობის თანხმლები. არ უნდა მოიჭრას ტყეში ხეები და არ უნდა გაანადგურონ კორომები. ეს კანონი დააჩქარებს ისედაც დიდი ხნის ურთიერთობას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, კონკრეტულად ტყის დაცვა-შენახვის და აღდგენა განვითარების საქმეში“,- განაცხადა მეუფე დავითმა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა. როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონი ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გარკვეული მასივების გადაცემასაც ითვალისწინებს.